ახალი ამბები

კონსტიტუციური შეთანხმება, სახელმწიფო და საჩუქრები ეკლესიას

18 თებერვალი, 2014 • 4735
კონსტიტუციური შეთანხმება, სახელმწიფო და საჩუქრები ეკლესიას

დაბა ჩაქვში, რუსთაველის 7 ნომერში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებაზე დაინტერესებული პირი მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელმაც განცხადებით ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს 12 თებერვალს მიმართა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქონების რეგისტრაციისთვის საპატრიარქოს (მისი წარმომადგენლების) მხრიდან საჯარო რეესტრში 210-ზე მეტი განცხადებაა შესული. საპატრიარქო მიწებს ისაკუთრებს სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის წესით (სიმბოლურ ფასად), ხშირად კი უფასოდ – კონსტიტუციური შეთანხმების, ასევე, ჩუქებისა და „შეწირვის შესახებ” გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

მარტო გასული წლის იანვრიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოს სხვადასხვა ფორმით საკუთრებაში დარეგისტრირებული თუ უფასო სარგებლობისთვის გადაცემული აქვს 412 ჰექტარზე მეტი მიწა და 30 ათას კვ/მ-მდე ფართობის შენობა-ნაგებობა.

„მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში პირველი მიწათმფლობელია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მიწის ნაკვეთები გადაცემული – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პროექტების მენეჯერი, იურისტი გია გვალავა და განმარტავს – “ნაწილი აქედან, რა თქმა უნდა, მას ეკუთვნოდა კონსტიტუციური შეთანხმებით, როგორც ეკლესია-მონასტრებისა თუ მათი მიმდებარე ტერიტორია. თუმცა, არის ისეთებიც, მათ შორის აჭარაშიც, რომლებიც იყო საზოგადოების სარგებლობაში (ნაკვეთი, ბაღი, სკვერი) და გაუგებარია, რა პრინციპით გადაეცა ისინი ეკლესიას. ზოგადად, ძალიან ცუდი პრაქტიკაა, როცა საჯარო სივრცე, ვსაუბრობ პარკებსა და სკვერებზე, სხვისდება და იქ საკულტო ნაგებობები შენდება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე”.

აჭარაში, სადაც სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, მიწის რეფორმა არ გატარებულა, ასობით უმიწო ოჯახი ცხოვრობს (გამგეობებისგან მოწოდებული მონაცემებით მარტო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2323 უმიწო კომლია რეგისტრირებული, ხელვაჩურში – 290, ქედაში – 360).

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით – „სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული”.

„საპატრიარქოს შემთხვევაში ჩვენ გაცილებით რთული ვითარება გვაქვს. კონსტიტუციურ შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რაც მას მიადგა და დაიბრუნოს ის ქონება, რაც დაკარგა საბჭოთა პერიოდში. ეს რა ზიანია, რა სახის, რა რაოდენობის, რომელ პერიოდზეა კონკრეტულად საუბარი, არ არის გამოკვლეული და დათვლილი არც ერთი კომპონენტი. ვართ ჰაერში გამოკიდებული, წარმოდგენა არ გვაქვს რა ზიანი მიადგა ეკლესიას. ჩემთვის, მოქალაქისთვის, საინტერესოა რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს, რამდენი გასცა და კიდევ რამდენი უნდა გაიცეს ბიუჯეტიდან დამატებით. იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტს ჩვენ ვავსებთ. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს ეს ინფორმაცია. სამწუხაროდ არ გვაქვს”, – ამბობს გია გვალავა.

მისივე თქმით, უნდა დათვლილიყო ზიანი, მომხდარიყო შეთანხმება სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის, დადგენილიყო რაოდენობა და შემდეგ გაწერილიყო გეგმა, როგორ შეასრულებდნენ ამ ვალდებულებას.

“ფაქტობრივად, 25 მილიონზე მეტია ეს ე.წ. დახმარება, რაც ქვეყნის ბიუჯეტიდან გადის. ვინაიდან, მუნიციპალიტეტები თავისი ინიციატივითაც აძლევენ ქონებას საპატრიარქოსაც და ცალკეულ მღვდლებსაც. პრაქტიკულად უკონტროლოა ეს თანხები და გაურკვეველია, სად და როგორ იხარჯება. ამას ემატება მიწებისა და შენობა-ნაგებობების გადაცემაც”.

ხელისუფლება (თვითმმართველობის ორგანოები) დღესაც აგრძელებს საპატრიარქოსთვის იმ მიწის ნაკვეთების გადაცემას (როგორც უსასყიდლო უზურფრუქტითა და აღნაგობის უფლებით, ასევე საკუთრებაში), რომლებიც ისტორიულად არ ეკუთვნოდა ეკლესიას.

გია გვალავას თქმით, როცა სახელმწიფო გადასცემს ქონებას კერძო თუ საჯარო სუბიექტს, გასათვალისწინებელია მიზანშეწონილობა – თუ რამდენად მომგებიანია, ხელსაყრელია და მისაღებია ეს იმ ხელისუფლებისთვის, ვინც განკარგავს მიწის ნაკვეთს, რამდენად მისაღებია მოსახლეობისთვის და რას იღებს აქედან სახელმწიფო.

“საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად ხდება ამის გათვალისწინება. არადა სახელმწიფო ქონებაზე, რაც უზურფრუქტით გასცა, პრაქტიკულად სარგებლობის უფლებას ძალიან დიდი ხნით კარგავს. ამიტომ, ეს დასაფიქრებელია”.

უზურფრუქტითა თუ აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე ეკლესია „მრევლის მოთხოვნითა და შემოწირულობებით” თითქმის ყველგან საკულტო ნაგებობებს (ეკლესია, სამლოცველო) აშენებს. შესაბამისად, სახელმწიფო (მერია, მუნიციპალიტეტი) სამომავლოდ, იგივე საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე, ვალდებული იქნება ეს მიწის ნაკვეთებიც საპატრიარქოს საკუთრებად აღიაროს.

გია გვალავას თქმით, სამოქალაქო კოდექსი არ განასხვავებს საკულტო და არასაკულტო ნაგებობებს. უზურფრუქტით გადაცემულ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა როცა წარმოიქმნება, მერე, ბუნებრივია, აღარ დაინგრევა, ამიტომ ეს დამატებით პრობლემას შექმნის სახელმწიფოსთვის.

„მას შეიძლება მოუწიოს მისი გამოსყიდვა და ა.შ. რაც საკულტო ნაგებობის შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხულია. ეს ნაგებობა დარჩება საპატრიარქოს სამუდამოდ (ან ნებისმიერ სხვა კონფესიას, ვინც ნაკვეთი მიიღო უზურფრუქტით). თანაც ისე, რომ მესაკუთრე იქნება სახელმწიფო, მაგრამ გამოყენება-სარგებლობის უფლება არ ექნება. ეს მოქალაქეებისთვის იგივე შედეგს იწვევს, როგორც ქონების გასხვისება. ამიტომ მესაკუთრემ ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს ის მომავალი, რაც ელის უზურფრუქტით გადასაცემ ქონებას”.

უსასყიდლო უზურფრუქტისა თუ აღნაგობის უფლებით სარგებლობაზე ხელშეკრულება ბათუმის მერიამ ბოლო ერთ წელში საქართველოს საპატრიარქოსთან 1299 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე გააფორმა.

მაგალითად, გასული წლის სექტემბერში ბათუმის მერიამ უსასყიდლო აღნაგობის უფლებით საპატრიარქოს სარგებლობაში (29 წლით) გადასცა 315 კვ/მ მიწის ნაკვეთი კობალაძის ქუჩაზე. მის მომიჯნავედ მდებარე 479 კვ/მ ნაკვეთი კი 2009 წელს ჰქონდა გადაცემული უზურფრუქტით. ამ ორთავე ნაკვეთის (რომლითაც საპატრიარქო, ამ შემთხვევაში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია უსასყიდლოდ სარგებლობს), მესაკუთრე ბათუმის მერიაა. ეპარქია კი აქ 2010 წლიდან ეკლესიას აშენებს. შესაბამისად, მერია ამ ნაკვეთებს მომავალში ვეღარ დაიბრუნებს.

ანალოგიური სიტუაციაა სულაბერიძის ქუჩაზე. აქ საპატრიარქო უკვე 532 კვ/მ მიწით სარგებლობს უსასყიდლოდ, ხოლო ჯავახიშვილის ქუჩაზე – 452 კვ/მ ნაკვეთით. მესხის ქუჩაზე 541 კვ/მ მიწის ნაკვეთი და 167,94 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობა კი გასული წლიდან უკვე საპატრიარქოს საკუთრებაშია.

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის სკვერში (#10 სკოლის მიმდებარედ), ეკლესიის მშენებლობა თითქმის სრულდება. იმ მიწის სარგებლობის იურიდიული უფლება კი, სადაც ამჟამად ეკლესია შენდება, ბათუმ-ლაზეთის ეპარქიას არ აქვს. აღნიშნული ნაკვეთი (801 კვ/მ) დღემდე ქალაქის საკუთრებაშია, თუმცა, ეს ნაკვეთი მერიას მთლიანი სკვერის ტერიტორიიდან ცალკე აქვს გამოყოფილი. ფაქტობრივად, ეს ნაკვეთიც საბოლოოდ საპატრიარქოს საკუთრებაში აღმოჩნდება.

„საპატრიარქოს ერთადერთი ძლიერი არგუმენტი აქვს ის, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, აბსოლუტური უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ისინი ითხოვენ ამას. მესმის, ლეგიტიმური არგუმენტია სხვათაშორის, თუმცა ქალაქის შემთხვევაში გეგმაც უნდა არსებობდეს – რა საკულტო ნაგებობები სჭირდებათ, რამდენი და სად – ეს გეგმა არის? არ ვიცი. მერიამ ეკონომიკური აქტივობებიც უნდა გაითვალისწინოს, როცა მიწას ასხვისებს”, – ამბობს გია გვალავა და დასძენს, რომ „მოსახლეობის მოთხოვნის” საფუძველზე უძრავი ქონების გადაცემას კანონი არ ითვალისწინებს: „პოლიტიკურად შესაძლოა გაითვალისწინონ, მაგრამ იმ უმცირესობას რა ვუყოთ, ვინც იქვე ცხოვრობს, სარგებლობს ამ ქონებას… ის, რომ უმრავლესობას რაღაც უნდა – ეს პრინციპი ამ შემთხვევაში არ მუშაობს”.

არის თუ არა გაცემული ნებართვები ქალაქში მშენებარე ეკლესიებზე და არის თუ არა მერიის თანხმობა ქალაქის ტერიტორიაზე აღმართულ სხვადასხვა კონსტრუქციის ჯვრებზე? – ამ ორ შეკითხვაზე პასუხს „ბათუმელები” ქალაქის მერიისგან უკვე ათ დღეზე მეტია ელოდება. მშენებარე ეკლესიების ტერიტორიაზე კი კანონის მოთხოვნა – მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს, ნებართვის ნომრისა და მოქმედების ვადის, ასევე მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადების სპეციალურ დაფაზე განთავსება – უგულვებელყოფილია. არც ერთ მათგანთან ასეთი დაფა განთავსებული არ არის.

მშენებარე ეკლესიებთან არ არის განთავსებული კანონის მოთხოვნის შესაბამისი საინფორმაციო დაფა

მშენებარე ეკლესიებთან არ არის განთავსებული კანონის მოთხოვნის შესაბამისი საინფორმაციო დაფა

„ბათუმელების” ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ უბანში მიწის ნაკვეთი ინვესტორზე მხოლოდ იმის გამო ვერ გასხვისდა, რომ იქ აღმართულია ჯვარი (მერიამ ამ შემთხვევაში ეკლესიის წარმომადგენელთა დაპირისპირება ვერ დაძლია).

საპატრიარქოს სახელით სამშენებლო კომპანიებიც რეგისტრირდებიან. მაგალითად, შპს „ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის სკოლა” გადაკეთდა როგორც შპს „იბერია ბურჯი” და მისი საქმიანობის საგნად განისაზღვრა საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა. აღნიშნული ცვლილებების რეგისტრაციაში გასატარებლად 2010 წლის მაისში საჯარო რეესტრს დიმიტრი შიოლაშვილმა (ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი) მიმართა. საჯარო რეესტრის მონაცემებით დიმიტრი შიოლაშვილს ერთ-ერთ დოკუმენტად წარდგენილი აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მინდობილობა. თუმცა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, დიმიტრი შიოლაშვილს ამ მინდობილობის საფუძველზე არ ჰქონდა უფლება შეეცვალა შპს „ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის სკოლის” საქმიანობის საგანი. „აღნიშნული მინდობილობით შპს-ს საგნის ცვლილება არ შეიძლებოდა. დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული უფლებამოსილების ფარგლები და შპს-ს საქმიანობის საგნის ცვლილებით აშკარად გასცდა ის ადამიანი იმ უფლებამოსილებას, რისთვისაც მისცეს მას მინდობილობა” – ამბობს იურისტი გია გვალავა და დასძენს, რომ ასეთი რეგისტრაციის მოთხოვნა საჯარო რეესტრს უნდა “დაეხარვეზებინა”.

საქმიანობის საგანი შეიცვალა საპატრიარქოს კუთვნილ შპს „ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლასთან” მიმართებაშიც. აღნიშნული სკოლა საჯარო რეესტრმა წელს, 3 იანვარს დაარეგისტრირა, როგორც კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორი საწარმო, რომლის საქმიანობის ტიპი/პროდუქციის სახეობად – ამონაწერის მიხედვით მითითებულია: კაფე, სასადილო, ფქვილი, ფქვილოვანი პროდუქციის და ბურღულეულის წარმოება.

“>კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას (მუხლი 6).

საპატრიარქოს ახლახან საკუთრებაში გადასცეს აგრეთვე ქობულეთის სოფლებში – საჩინოსა და ქაქუთში – არსებული მიწის ნაკვეთებიც (შესაბამისად: 1131 და 923 კვ/მ). ამ შემთხვევაში საკუთრების გადაცემის საფუძვლად დოკუმენტებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის დადგენილებაა მითითებული, ეს კი ის პერიოდია, როდესაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია და მასზე დაქვემდებარებული ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში.

სიგარეტი, სპირტი, ლუდი, ვერმუტი, შამპანური, ღვინო, არომატული სასმელები, კოკა-კოლა, ნაყინი, ფქვილი, კვერცხი, ქათმის ხორცი, მაკარონი, ბენზინი – ეს იმ საქონლის არასრული ჩამონათვალია, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოჰქონდათ საქართველოს საპატრიარქოს და მასთან არსებულ ორგანიზაციებს.

ამავე ორგანიზაციებს ქვეყნიდან გაჰქონდათ შავი და ფერადი ლითონების ჯართი, ავტომანქანის ნაწილები, სილიკომანგანუმი, ფოლადის და სხვა მილები, ნაგლინი, ბამბა, საქონლის ტყავი, კონიაკი, ჩაი, მანდარინი და სხვ. სახელმწიფო გადასახადებისგან გათავისუფლებული ეკლესიის ექსპორტ-იმპორტმა მილიონობით ამერიკული დოლარი შეადგინა.

საგადასახადო უწყების დოკუმენტების მიხედვით, ზემოაღნიშნულ საქმიანობაში ჩართული იყო საპატრიარქოს ფინანსური საბჭო, საგარეო ეკონომიკური კავშირების განყოფილება, ამ განყოფილების ბათუმის ფილიალი, ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის სამეურნეო განყოფილება. ბათუმის სასულიერო გიმნაზიის სამეურნეო განყოფილება (ყოფილი ფირმა „კანდელი”) და სხვები, რომლებიც გათავისუფლებული იყვნენ ყოველგვარი გადასახადებისგან (საპატრიარქოს ბათუმისა და სხალთის ეპარქიის სამეურნეო განყოფილება, რომლის სამართლებრივი ფორმა იყო კოოპერატივი, დღეს ლიკვიდირებულია).

საქართველოს საპატრიარქოს საქონელი შემოჰქონდა თურქეთიდან, სირიიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, ბელგიიდან და გაჰქონდა ძირითადად თურქეთში.

მარტო 1996 წლის ექვს თვეში საპატრიარქოს საგარეო ეკონომიკური კავშირების განყოფილებას მოსკოვში გატანილი აქვს 52 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კონიაკი „არაგვი”.

1995-1996 წლებში ეკლესიას საზღვარგარეთიდან შემოტანილი აქვს 152 628 დოლარის ღირებულების სპირტი, 37 913 დოლარის – არაყი, 478 673 დოლარის – ლუდი, 61 500 დოლარის – სიგარეტი, 13 248 დოლარის – შამპანური და სხვ.

ამავე პერიოდში ქვეყნიდან საპატრიარქოს მიერ გატანილია 50 957 246 დოლარის ღირებულების ჯართი და სხვადასხვა პროდუქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი