„ბათუმელებმა” ვალერი თელიასთან დაკავშირება ვერ მოახერხა, მას ტელეფონი გამორთული აქვს. შესაბამისად, ვერ მოხერხდა იმის დაზუსტება, აჭარის პოლიციის უფროსი რეზერვში გაუშვეს, თუ სხვა სამსახურში გადაიყვანეს. იმის გათვალისწინებით, რომ შს სამინისტროში მის გადაყენების ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ, არც იმაზე აკეთებენ განმარტებას, უკავშირდება თუ არა ვალერი თელიას გადაყენება ბიძინა ივანიშვილის 8 თებერვლის კომენტარს.
ვალერი თელია ყოფილმა პრემიერმა 8 თებერვალს მწერალთა სახლში მწერალ დავით მაღრაძესთან ინტერვიუს დროს ახსენა. ინტერვიუს ერთ მონაკვეთში ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიციაში მუშაობის პერიოდი შეაფასა:
„გადაცდომები იყო დათო?! იყო – პატარა იქ, რაღაც თელიაზე თუ ვიღაცაზე ბათუმში. მაგრამ ტენდენციაა მთავარი, როგორ შეიძლება ამხელა სტრუქტურაში შეცდომების გარეშე რამე მოიმართოს და ვიღაც თანამშრომელმა რაღაცა შეცდომა არ დაუშვას”…
ვალერი თელია აჭარაში დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სკანდალში გაეხვა – პოლიციის უფროსს ინციდენტი მოუხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელთან, რომელსაც არაერთი თვითმხილველის თანდასწრებით ტანსაცმელი შემოახია და მისი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც ტერიტორიაზე განთავსებული ერთ-ერთი სათვალთვალო კამერიდან იქნა ამოღებული, შს სამინისტროს განმარტებით, ამოღების დროს დაზიანდა. სამინისტრომ ალტერნატიული სათვალთვალო კამერიდან ამოღებული კადრები გაავრცელა. ამ კადრებზე პოლიციის უფროსის ძალადობა არ ჩანდა.
“კადრების ამოღებას” ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსი გიგლა მოსიძე ხელმძღვანელობდა. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თანამშრომელს, რომელმაც „დაუდევრობით წაშალა” აღნიშნული ჩანაწერი, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. განცხადებაში არ იყო მითითებული, საყვედური გიგლა მოსიძემ მიიღო თუ ვინმე სხვამ.
ვალერი თელიას ქმედება მაშინდელმა შს მინისტრმა და ამჟამინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა, როგორც „პოლიციელის მუნდირის დაცვა”.
ვალერი თელია აჭარის პოლიციის უფროსად 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა.

ვალერი თელიას ჩაანაცვლებს დავით თამაზაშვილი, რომელიც ბოლო დროს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. უფრო ადრე კი დავით თამაზაშვილი თავდაცვის სამინისტროში – გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. დავით თამაზაშვილი „ქართული ხმების” ერთ-ერთი გარდაცვლილი წევრის, გურამ თამაზაშვილის შვილია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა, „ქართულ ხმებთან” მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
შს სამინისტროს პრესცენტრში აჭარის პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილის დანიშვნას არ ადასტურებდნენ. დავით თამაზაშვილის ბიძა, ასევე “ქართული ხმების” წევრი ჯემალ თამაზაშვილი ამბობს, რომ ჯერ მისი ძმისშვილის დანიშვნის შესახებ ბრძანება არ უნახავს:
“შეიძლება ეს ჭორია, ამიტომ ნუ ჩავაყენებთ ადამიანს უხერხულში, დაველოდოთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას”.


![უმრავლესობიდან გასულმა ორმა დეპუტატმა გახარიას კაბინეტს მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2019/09/Screen-Shot-2019-09-08-at-18.10.59.png)




