ახალი ამბები

ჭიაბერაშვილი და მერაბიშვილი სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ

12 თებერვალი, 2014 • • 1006
ჭიაბერაშვილი და მერაბიშვილი სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ

როგორც ადვოკატი ოთო კახიძე ამბობს, პროკურატურას არანაირი სამხილი არ გააჩნია ჭიაბერაშვილის და მერაბიშვილისნ ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

“ჩვენ ვიტყვით დასკვნით სიტყვას, ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც არ არის არანაირი მტკიცებულება, რომელიც ჭიაბერაშვილის ან მერაბიშვილის ბრალეულობაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ პოროკურატურამ 4 000 მოწმე დაკითხა, ეს ციფრი სწორედ იმ შთაბეჭდილების შექმნისთვის არის გამიზნული, რომ თითქოს რაიმე მტკიცებულება არსებობს ამ საქმეში, ამ დროს უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ 4 000 მოწმის გარდა არის 18 ტომი საქმეში და არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი ბრალდებულების წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიუთითებს მათ ბრალეულობაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურამ იმიტომ გადმოიტანა საქმე, რომ ფიქრობდნენ, ქუთაისის სასამართლო მათ მიმართ უფრო ლოიალური იქნებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ მოსამართლემ ზეწოლას გაუძლო, ის აუცილებლად გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რომ როგორც მათმა მოწმეებმა, ასევე მათ მიერ წარმოდგენილმა დოკუმენტებმა დაადასტურა ჭიაბერაშვილის და მერაბიშვილის ბრალეულობა. ქეთევან ჩაჩავას ეჭვი ეპარება, რომ დაცვის მხარემ დღევანდელ გამოსვლაში მტკიცებულების გაბათილება მოახერხოს:

 

“ჩვენ უამრავი მტკიცებულება წარმოვადგინეთ, რომელიც მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ბრალეულობას ადასტურებს. ეს არის როგორც პირდაპირი მტკიცებულებები, ასევე, დოკუმენტური და წერილობითი მტკიცებულება. დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულების ჩვენებებიდან გამომდინარე ცოტა გაუგებარია, ისინი საუბრობენ, რომ იყვნენ მინისტრები, მაგრამ პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ და ხელს იშვერენ ხელქვეითებისკენ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურიც არის. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ვნახოთ, დღეს შეძლებენ თუ არა, რომ გააბათილონ ის არგუმენტები, ის უამრავი მტკიცებულება, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ სასამართლოში”, – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი