8 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სახელით მოასპარეზე მარიკა პერტახიას პროფილზე, დაბადების ადგილის გრაფაში ეწერა, რომ ათლეტი რუსეთში, კონკრეტულად კი გალშია დაბადებული, ასევე მითითებული იყო, რომ მარიკა პერტახია აფხაზეთის რესპუბლიკაში, გალის რაიონში დაიბადა.
აღნიშნულის გამო დღეს, 9 თებერვალს საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, შეცდომის გასწორების მიზნით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა. რამდენიმე საათში მარიკა პერტახიას პროფილიდან დაბადების ადგილის გრაფაში მანამდე არსებული ინფორმაცია წაიშალა. მოგვიანებით სოჭის ოლიმპიადის ვებ-გვერდის რუსულ ვერსიაში პერტახიას დაბადების ადგილად საქართველო მიუთითეს, ვებ-გვერდის ინგლისურ ვერსიაში კი რუსეთი საქართველოთი შეიცვალა, თუმცა გრაფაში არის ასევე მინაწერი აფხაზეთის რესპუბლიკის გალის რაიონი.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი მუშაობს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, რომ საკითხი სრულად გამოსწორდეს.









