ახალი ამბები

გია გორგაძე: არ ვიცოდი გიორგი ონიანი ბაჩო ახალაიას ადვოკატი თუ იყო

8 თებერვალი, 2014 • • 1394
გია გორგაძე: არ ვიცოდი გიორგი ონიანი ბაჩო ახალაიას ადვოკატი თუ იყო

გია, იყავით თუ არა ბაჩო ახალაიას ნათესავების სანახავად მისული, ვინმე გაიძულებდათ ჩვენების მიცემას ან შეცვლას?

 

მე ვიყავი მისული ადვოკატთან, გიორგი ონიანთან ოფისში, არ ვიცოდი და მოგვიანებით გავიგე, რომ ის იყო ბაჩო ახალაიას ადვოკატი.

 

ადვოკატს რატომ ეძებდით?

 

მინდოდა რომ ვინმე დამხმარებოდა, ბრიფინგის ორგანიზებაში. შემთხვევით გავიგე, რომ კარგი იურისტია გიორგი ონიანი და მეც მივედი მის ოფისში დახმარების სათხოვნელად. გიორგიმ მითხრა, რომ ვერ დაგეხმარებიო და მირჩია პრაიმ-ტაიმის ოფისში წასვლა, სადაც თურმე ბრიფინგებს ატარებენ.

 

ბაჩო ახალაიას ადვოკატს რაზე ესაუბრეთ, ახალაიას ბრალდებაზე ილაპარაკეთ?

 

არა, ჩვენს შორის საუბარი იყო მხოლოდ ბრიფინგის ჩატარებაზე.

 

ჩვენების შეცვლაზე ან ზეწოლაზე ხომ არ ყოფილა საუბარი, პროკურატურის ან თქვენი ძმის საქმეზე ბრალდებულების მხრიდან?

 

არა, არა. მსგავსი რამე არ ყოფილა და მაგას ვერც ვერავინ იტყვის.

 

ამ ადვოკატის ოფისიდან რომ გამოხვედით, ვის მანქანაში ჩაჯექით და სად წახვედით?

 

გიორგი გილაურმა გამომაყოლა ადამიანი, ვინც პრაიმ-ტაიმის ოფისში მიმიყვანდა.

 

მერე იქ რა მოხდა? რატომ ვერ ჩაატარეთ ეს ბრიფინგი, ვინმე გაიძულათ, რომ არ გელაპარაკათ?

 

იძულება არ ყოფილ არავის მხრიდან, მე მინდოდა გამემართა ბრიფინგი და საჯაროდ მომეთხოვა ჩემი ძმის საქმის გამოძიება. პროკურატურასთან მქონდა პრეტენზიები, რომ ამდენი ხნის განმავლობაშ ჩემი ძმის მკვლელობის საქმე ვერ გამოიძიეს. მე ეს მინდოდა ბრიფინგზე მეთქვა და საჯაროდ დამესვა კითხვა, რატომ ვერ იძიებენ აქამდე ამ საქმეს. ვინ არიან ჩემი ძმის მკვლელები. მე ეს მინდა პროკურატურამ გამოიძიოს. ერთი კვირაა სახლიდან თბილისში წამოვედი, ჩემს ოჯახს ეგონა გატაცებული ვიყავი. ჩემი ძმის საქმის გამომძიებელთან დაურეკია და ეს უთქვამს, ამიტომაც მომაკითხა გიორგი გილაურმა, რომელიც ჩემი ძმის საქმის გამომძიებელია, მითხრა, რომ ოჯახი ნერვიულობდა ჩემზე. მას მანქანში ჩავუჯექი ჩემი ნებით და წავყევი პროკურატურაში. არავითარი ძალადობა და ზეწოლა არ ყოფილა.

 

თქვენი ძმის საქმეზე რა ხდება, გითხრეს რამე პროკურატურაში?

 

პროკურატურამ ამაში გამარკვია, არანაირი პრეტენზია აღარ მაქვს მე პროკურატურასთან. იმედია, მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც მინდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა კითხვებს ვერ ვუპასუხებ.

 

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის განცხადებით,  გია გორგაძე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი პრაიმტაიმის პრესკლუბში მიდიოდა სიმართლის სათქმელად. ანი ნადარეიშვილის მტკიცებით, გორგაძე აპირებდა იმ ზეწოლის შესახებ ესაუბრა, რომელსაც ორგანოები მასზე ახორციელებდნენ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად. მოგვიანებით პროკურატურამ განცხადება  გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაჩო ახალაიას ადვოკატების განცხადებები-თითქოს პროკურატურამ მოახდინა გია გორგაძის დაკავება და მანამდე იძულებით მოხდა მისგან  ჩვენების მიღება- არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი