საზოგადოება

ბაჩო ახალაია კვლავ დააკავეს

25 დეკემბერი, 2025 •
ბაჩო ახალაია კვლავ დააკავეს

ყოფილი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია, რომელმაც “ქართული ოცნების” პირობებში 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, კვლავ დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, საგამოძიებო უწყება მას 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.

რაზე დაყრდნობით? – სუს-ის ბრიფინგის თანახმად, დადგენილია ის, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის პროცესების ორგანიზატორებად მიიჩნევს: პაატა მანჯგალაძეს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ნადირაძესა და პაატა ბურჭულაძეს.

მათ შორის სუს-ში აცხადებენ, რომ ეს კონტაქტი ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა იმ მომენტებში, როდესაც მომიტინგეებს სცენიდან გააცნეს პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებული გეგმა, ასევე- სასახლესთან მიმდინარე პროცესების დროსაც.

რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამ კავშირების შინაარსის შესახებ დღეს არაფერი უთქვამს.

როგორც ირკვევა, სუს-მა ასევე დააკავა ახალიას ცოლი ანი ნადარეიშვილიც, თუმცა გაათავისუფლეს და მის მიმართ სამართლებრივ დევნას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ აპირებენ.

ბაჩო ახალიამ, სუს-ის თანახმად, ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

სუს-ის ბრიფინგი სრულად:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება 4 ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ფაქტს, რომელშიც იმხილება ბრალდებული ბექა ჭულუხაძე.

ხოლო გამოძიება მუშაობს, როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმესთან, ასევე დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილის და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე.

საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ჩვენ შევძელით უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით, ინტერნეტ ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვედგინა ორ პირს შორის მობილური ტელეფონების ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით შემდგარი სატელეფონო ინტერნეტ-კავშირი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამოღებული ინფორმაციის სპეციალისტების მიერ დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია.

საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, მათი ინტერნეტ-აპლიკაციებისა და ანი ნადარეიშვილის IP, ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული „ვაი-ფაის“ მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, 2025 წლის 28 სექტემბრის 21 საათიდან მათ დაკავებამდე შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით.

კერძოდ, ჯამში, ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტ სესია. მათ შორის: მურთაზ ზოდელავასთან – 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან – 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან – 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან – 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან – 21-ჯერ.

ამასთან, ხსენებული პირების მიერ, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზების პარალელურად, მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას მეუღლის – ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართს შორის ინტერნეტ კონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, შედგა რამდენჯერმე. კერძოდ: 10 საათსა და 20 წუთზე, 11 საათსა და 35 წუთზე, 11 საათსა და 47 წუთზე, 16 საათსა და 02 წუთზე.

მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ინტერნეტ კონტაქტიდან 4 წუთში მომიტინგეებმა დაიწყეს მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

შემდეგი ინტერნეტ სესიები ფიქსირდება 17 საათსა და 51 წუთზე, 18 საათსა და 06 წუთზე, რაც ძალიან საყურადღებოა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა. 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს მისი და პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე 9 წუთით ადრე – 18 საათზე, 44 წუთსა და 11 წამზე.

იმავე დღეს ფიქსირდება პაატა ბურჭულაძის ორი სატელეფონო ინტერნეტ კონტაქტი ანი ნადარეიშვილზე რეგისტრირებულ აიპი მისამართზე. პირველი – 09 საათსა და 21 წუთზე, მეორე – 17 საათსა და 14 წუთზე.

რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბაჩანა ახალაიასთან 4 ოქტომბერს, დღისით სატელეფონო ინტერნეტ კავშირი ჰქონდა: 10 საათსა და 39 წუთზე, 19 საათსა და 20 წუთზე, 19 საათსა და 21 წუთზე, 19 საათსა და 29 წუთზე, 19 საათსა და 32 წუთზე, 19 საათსა და 34 წუთზე, 19 საათსა და 41 წუთზე. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოცემული ინტერნეტ კონტაქტები ემთხვევა პრეზიდენტის სასახლის შენობაზე ძალადობრივი იერიშის დაწყების შემდგომ პერიოდს და განსაკუთრებით საყურადღებოა იმითაც, რომ ლაშა ბერიძე ამ დროს იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლესთან და, შესაბამისად, დირექტივებს ბაჩანა ახალაიასგან იღებდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც: მას შემდეგ, რაც სხვადასხვა წყაროებიდან დაიწყო ჩანაწერის გავრცელება, რომელიც სავარაუდოდ ასახავდა ბაჩანა ახალაიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის შემდგარ საუბარს ხელისუფლების დამხობის თაობაზე, შეიცვალა მურთაზ ზოდელავასთან კომუნიკაციის ფორმა, რის შემდეგაც აქტიური ინტერნეტ კავშირი ფიქსირდება მასსა და მოქალაქე ზვიად გაგუას მობილური ტელეფონის ინტერნეტ აპლიკაციებს შორის.

4 ოქტომბრის პირველი ასეთი კავშირი ინტერნეტ აპლიკაციით 20 საათსა და 12 წუთზე, ხოლო შემდეგი კავშირი – 21 საათსა და 09 წუთზე, 21 საათსა და 15 წუთზე, 21 საათსა და 23 წუთსა და 22 საათსა და 08 წუთზე შედგა. გაგუა, ისევე როგორც ბაჩანა ახალაია და ანი ნადარეიშვილი, დაკითხულები არიან გამოძიების მიერ და სამივე მათგანი ადასტურებს, რომ ზვიად გაგუა არის ახალაიების ოჯახის ახლობელი და ცხოვრობს მათთან სახლში.

ამ შემთხვევაში დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სატელეფონო ინტერნეტ კავშირი არა მურთაზ ზოდელავასა და ზვიად გაგუას შორის, არამედ ის რეალურად მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას შორის შედგა. ამ ინტერნეტ კავშირებიდან ყურადსაღებია ზოდელავასა და გაგუას მობილური აპლიკაციების კავშირი 20 საათსა და 12 წუთსა და 23 წამზე, საიდანაც სამ წუთში მურთაზ ზოდელავა კვლავ დაუბრუნდა სცენას, წარადგინა ახალი გეგმა და მომიტინგეებს მოუწოდა დაძრულიყვნენ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ.

როგორც ხედავთ, მოპოვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორის ვინაობა საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია. დაკავებული და სისხლის სამართლის საქმე, სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გასაერთიანებლად, ქვემდებარეობით, ბრალის წარსადგენად და შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით, გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.

რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანი ნადარეიშვილს: მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში. ანი ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, მას ჰქონდა შესაძლებლობა ეპასუხა კითხვაზე – მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც”.

ვინ არის ბაჩო ახალაია?

ბაჩო ახალაია არის ქართველი ყოფილი მაღალჩინოსანი და ექსპოლიტიკოსი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ამასთანავე წინააღმდეგობრივ ფიგურად ითვლებოდა.

ახალაიას კარიერული წინსვლა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო.  თავდაპირველად მუშაობდა ომბუდსმენის აპარატში. სახალხო დამცველის მოადგილე იყო. ამის შემდეგ ხდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე (2005-2008). მისი სახელი უკავშირდება ციხეებში „კანონიერი ქურდების“ გავლენასთან ბრძოლას და მკაცრი რეჟიმის დამყარებას. თუმცა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ბრალდებები პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე. ამის შემდეგ ის ინიშნება თავდაცვის მინისტრად (2009-2012). ამ პოზიციაზე მან სამი წელი დაჰყო. 2012 წელს ხდება შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ პოსტზე სულ რამდენიმე თვე იმუშავა. იგი გადადგა 2012 წლის სექტემბერში, ე.წ. „ციხის კადრების“ სკანდალის შემდეგ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ოპოზიცია და უფლებადამცველი ორგანიზაციები ახალაიას ხშირად ადანაშაულებდნენ ძალის გადამეტებაში, წამებასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში. ის აღიქმებოდა სააკაშვილის გუნდის „ძალოვანი“ ფრთის ერთ-ერთ ლიდერად.

2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა (იგი მცირე ხნით ქვეყნიდან იყო გასული), რის შემდეგაც დააკავეს. მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ახალაიას რამდენიმე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და საბოლოო ჯამში მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან სასჯელი სრულად მოიხადა.

2022 წლის მარტში ბაჩო ახალაიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ბაჩო ახალაიას სახელი აქტუალური რამდენიმე თვის წინ გახდა, როდესაც 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ კვლავ დაიბარეს გამოკითხვაზე სოცქსელებში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის ავთენტურობაც ახალიამ უარყო და თქვა, რომ ის 100 პროცენტით ყალბი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი