საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, ე.წ. ტრაქტორების საქმეზე ბრალდებული პირების დაკავებისა და პატიმრობის შეფარდების დროს მოქმედი “პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის” თანახმად, იუსტიციის მინისტრი იყო პროკურორი.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტში მითითებული იყო, რომ ,,ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი დაქვემდებარება” პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი პრინციპია.
საიას აზრით, წულუკიანს, როგორც ზემდგომ პროკურორს, შეეძელო გაეუქმებინა ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება, ან ცვლილებები შეეტანა მის გადაწვეტილებაში.
“საია” იხსენებს, რომ ტრაქტორების საქმეზე არაერთი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ის აღნიშნული საქმის სხვადასხვა დარღვევებსა და “ბრალდების პოზიციის აბსურდულობაზე, ბრალდებულთა წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა სახის სავარაუდო ზეწოლაზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების უკანონობაზე” საუბრობდა.
“საია” ინტერესდება იმით, რომ თუ თეა წულუკიანს სჯეროდა კირვალიძისა და მისი გუნდის დაკავებული წევრების უდანაშაულობის, რატომ არ დაინტერესდა საქმის მასალებით, მაშინ, როცა უდანაშაულო პირებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარეს რამდენიმე თვე, ზიანი მიადგა მათ საქმიან რეპუტაციას.
“ამ ყველაფრის გათვალისწინებით კვლავ ჩნდება კითხვა: თუ იუსტიციის მინისტრის მხრიდან თავიდანვე არსებობდა ბრალდებულთა უდანაშაულობის რწმენა და საქართველოს კანონმდებლობა მას მთელ ამ პროცესზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას ანიჭებდა, რატომ არ იქნა ეს უფლებამოსილებები გამოყენებული?”- ნათქვამია “საიას” განცხადებაში.
გუშინ, 6 თებერვალს, მედიით გავრცელდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ მას სჯეროდა ე.წ. ტრაქტორების საქმეზე კირვალიძისა და მისი გუნდის უდანაშაულობა კანონის წინაშე.







