ახალი ამბები

მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით გამოდის

7 თებერვალი, 2014 • • 970
მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით გამოდის

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად:


“მიმოვიხილეთ საქმეში არსებული ის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურებულია ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობა. მიგვაჩნია, რომ ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტისთვის, საკმარისია გამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად.”

 

თავის მხრივ, სრულ არაპროფესიონალიზმში სდებს ბრალს ზურაბ ჭიაბერაშვილი პროკურორებს და ამბობს:


“საერთოდ, სასამართლო პროცესი იმართება იმიტომ, რომ სხდომებზე წარმოდგენილი მტკიცებულებები რამენაირად შეესაბამებოდეს ბრალს და შემდეგ ბრალდების მხარემ საბოლოო დასკვნაში ბრალდება უკეთესად უნდა წარმოაჩინოს იმ მტკიცებულებების ფონზე. ჩვენ ახლა ვისმენთ მხოლოდ ბრალდებას, რაც მაისშივე იყო ცნობილი და არანაირად, მოყვანილი მტკიცებულებები და ციტატები, გინდაც, მოწმეთა ჩვენებებიდან, გინდაც დოკუმენტებიდან, არანაირად შეესაბამება იმას, რა ბრალიცაა წარმოდგენილი. პრაქტიკულად ეს იგივეს გადამღერებაა, რაც, ერთი მხრივ, იმას მიუთითებს, რომ პოლიტიკურად შეკერილი საქმეა და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და, მეორე მხრივ, პროკურორების მხრიდან სრულ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე”.

 

ვანო მერაბიშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი