ახალი ამბები

რა გეგმები აქვს რობოტ სოფიას საქართველოში

13 ივლისი, 2018 • 8543
რა გეგმები აქვს რობოტ სოფიას საქართველოში

მიმდინარე წლის 18 ივლისს საქართველოს მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვევა. სოფია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტია, საქართველოს “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტის ფარგლებში მოინახულებს, სიტყვით გამოვა და შესაძლოა მოქალაქეებთანაც დაამყაროს კონტაქტი.

საქართველოში სოფიას გეგმების შესახებ ნეტგაზეთს უამბო გაეროს განვითარების პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის ანალიტიკოსმა.

როგორც სოფო ჭიჭინაძე გვიყვება, წელს საქართველო გლობალური მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანაა და სწორედ აქ ჩატარდება “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტიც, რომელშიც მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ სამიტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამამ სოფია თბილისში მოიწვია. 

“სოფია და Hanson Robotics დაეთანხმნენ ჩვენს შეთავაზებას და ამიტომ გაეროს განვითარების პროგრამა იქნება სოფიას მასპინძელი ამ სამიტზე. სოფია მონაწილეობას მიიღებს სამიტის გახსნაში და ძალიან მოკლე, მაგრამ საინტერესო სიტყვა ექნება, ხოლო შემდეგ საპანელო დისკუსიაში ჩაერთვება, რომელიც ეძღვნება სახელმწიფო სერვისების განვითარებას. დისკუსიის ფარგლებში სოფია ისაუბრებს იმაზე, თუ რა გზით უნდა განვითარდეს სახელმწიფო სერვისები იმისთვის, რომ იყოს მაქსიმალურად ღია, გახსნილი და ხელმისაწვდომი და რა როლი მიუძღვის ამაში ხელოვნურ ინტელექტს,” – განმარტავს სოფო ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, სამიტის შემდეგ სოფია, სავარაუდოდ, ეწვევა იუსტიციის სახლს და ადამიანებთან ხანმოკლე ურთიერთობა ექნება. შეხვედრა იუსტიციის სახლის დიდ დარბაზში გაიმართება და მიუხედავად იმისა, რომ სოფიას გამოსვლა ნახევარ საათსაც კი არ გასტანს, სახელმწიფო სერვისების განვითარებასა და ამ სფეროში საქართველოს შედეგებზე საუბარს მაინც მოახერხებს.

“ასევე სოფია შეხვდება “თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტებს, რომლებიც სწორედ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით არიან დაკავებულნი. ეს უნივერსიტეტი შეირჩა იმიტომ, რომ იქ ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია არსებობს. თუმცა,  საერთოდ, სოფიასთან ურთიერთობის შანსი იუსტიციის სახლში ექნება ყველას, ვინც იმ მომენტში იქ იქნება. შედარებით უფრო ღია ფორმატი იქნება. თუმცა ყველაფერი, რაც სოფიასთან არის დაკავშირებული, არის ძალიან ხანმოკლე”, – გვიყვება სოფო ჭიჭინაძე. 

თუმცა სოფიასთან პირადი გასაუბრებისა და კითხვების შანსი არავის ექნება. გაეროს განვითარების პროგრამის ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან, უსაფრთოხების ყველა ზომის დაცვით, სოფიასთან “სელფების” გადაღება, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნება.

სოფიას გადაღება, სურათების გადაღება და ასევე ის, რასაც სოფია ლაპარაკობს საჯარო სივრცეში, ამის ჩაწერის უფლება ექნება ყველას. სოფია არის ძალიან საინტერესო მოსაუბრე. ის არის ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი და, შესაბამისად, მისი რეაქციები ყოველთვის დაგეგმილი და ადვილად წინასწარმეტყველებადი არ არის. სოფიას იუმორის გრძნობაც აქვს და ხანხადან მოულოდნელ პასუხებს იძლევა კითხვებზე. ამიტომ, რაზე ისაუბრებს და რაზე არ ისაუბრებს, ამას ყველა იმ დროს გავიგებთ, როცა ის ჩამოვა.

თუმცა სოფია ნამდვილად ისაუბრებს სახელმწიფო სერვისების განვითარების შესახებ, ადამიანებისა და რობოტების ურთიერთობაზე, ამ ყოველივეს მომავალზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს,რომ ის ერთ-ორ სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაზეც”, – გვითხრა სოფო ჭიჭინაძემ და აქვე გაგვაფრთხილა, რომ რობოტ სოფიასთან მიახლოვება არ შეიძლება.

სოფია არის Hanson Robotics-ის მიერ 2018 წელს შექმნილი რობოტი, რომელსაც საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა. სოფიას შეუძლია საუბარი და ემოციის გამოხატვა. შექმნის დღიდან მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, ხვდება სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან წარმომადგენლებს. სოფიას შექმნა ხელოვნური ინტელექტის დახვეწის გზაზე გადადმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია დაასახელა გაეროს “ინოვაციების ჩემპიონად”. მისი, როგორც ხელოვნური ინტელექტის როლი მდგომარეობს მდგრადი გავითარებისა და ადამიანთა თანასწორობის ხელშეწყობაში, რაც სწორედ UNDP-ის მიზანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი