ახალი ამბები

რატომ მოგვინდა სოფიასთან სექსი

19 ივლისი, 2018 • 9276
რატომ მოგვინდა სოფიასთან სექსი

“ჩამოვა და ქართველები  მო—-ვენ”, –  ეს ერთ-ერთი პირველი კომენტარია, რომელიც ნეტგაზეთის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას მოჰყვა იმის შესახებ, რომ საქართველოს პირველი ჰუმანოიდი რობოტი სოფია ეწვეოდა. მას შემდეგ, რაც სოფია საქართველოში მართლაც ჩამოვიდა, 17 ივლისს, მისი სექსუალობის შესახებ ფეისბუკზე ინტერესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.

ზოგიერთი მომხმარებელი ინტერესდებოდა, აქვს თუ არა სოფიას ვაგინა, წელს ქვემოთაც არსებობს, თუ მხოლოდ ბიუსტია, განიხილავენ მისი მკერდის და ტუჩების ზომას, წითელ პომადას და სექსუალობასთან დაკავშირებულ სხვა ნიშნებს.

სოფია არის Hanson Robotics-ის მიერ 2015 წელს შექმნილი რობოტი, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება დაიმსახურა –  მასზე არაერთი გამოცემა წერს, მონაწილეობს  საერთაშორისო კონფერენციებში. საქართველოშიც გაეროს მოწვევით იმყოფებოდა ღია მმართველობის სამიტზე. მართალია, თავად არ საუბრობს პოლიტიკაზე, სიყვარულსა და სექსზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ მის შესახებ სექსუალურ კონტექსტში ხშირად საუბრობენ.

კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ ეს იმ ვიზუალითაც შეიძლება აიხსნას, რაც სოფიას აქვს. მისმა შემქმნელებმა სოფიასთვის ის იმიჯი აირჩიეს, რომელიც უფრო იოლად არის დასაკავშირებელი სექსთან, ვიდრე ხელოვნურ ინტელექტთან.

ეს კრიტიკა ახალი არაა, როდესაც დიდ ეკრანებზე გამოვიდა ფილმი Ex Machina, გამოცემა გარდიანმა ვრცელი სტატია მიუძღვნა იმას, თუ რატომ არის შეპყრობილი სამცენიერო ფანტასტიკის ჟანრი “სექსუალური ქალი რობოტებით”. გამოცემა წერს, რომ კინოს ისტორიაში ძალიან ხშირია ქალი რობოტები და კიბორგები, რომლებსაც, როგორც წესი, კაცები ქმნიან და ყოველთვის ისეთი ქალები არიან, რომლებიც “მშვენიერების” განმარტებასთან ძალიან ახლოს დგანან. ამავე რობოტებს კინოში განასახიერებენ ასევე “მშვენიერი” მსახიობი ქალები და ამგვარად ქალი რობოტების სახეც სრულად ასახავს იმ პერსპექტივას, საიდანაც კაცი ქალს ხედავს.

კინომცოდნე თეო ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ სოფიასადმი სექსუალური ინტერესი რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას, მათ შორის ჩვენს კულტურაში ტაბუირებული სექსუალობით, როცა სურვილების და ვნებების გამოხატვა ასეთი ვერბალური ხუმრობებით თუ წინადადებებით ხდება.

ის ფაქტი, რომ სოფია ქართველი კაცების სექსუალური ფანტაზიების მთავარი ობიექტი გახდა, თეო ხატიაშვილის აზრით, იმას უფრო უკავშირდება, რომ ის ქალია, ვიდრე იმას, რომ სოფია რობოტია:

“ტრადიციულ კულტურაში ქალის იმიჯის ეროტიზაცია ხდება და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქალი რობოტია, ადამიანია, გამოკვეთილად ქალური სექსუალობის მატარებელია თუ არა”

მართალია, ხელოვნური ინტელექტის შექმნის გზაზე სოფიას მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად წარმოაჩენენ, თუმცა მას დამოუკიდებლად ფიქრი და გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. რამდენად შეიძლება მისი ხელოვნურ ინტელექტად განხილვა, შესაძლებელია არაერთი კრიტიკის ან დისკუსიის საგანი გამხდარიყო, თუმცა:

“სოფიას, როგორც ხელოვნური ინტელექტის უნარებზე ნაკლებად კეთდება აქცენტი და ნაკლებად აინტერესებს პუბლიკას დისკუსიები, თუ  რამდენად კარგია ან სახიფათოა, ან სრულყოფილია თუ არა მისი ტექნიკური გონი, აქვს თუ არა ამას პერსპექტივა, ჩაანაცვლებს თუ არა ადამიანს. საერთოდ, მსგავსი დისკუსია არ შემხვედრია, როცა პირიქით, ძალიან  ბევრი საუბარია მის ეროტიკულობაზე”,- ამბობს თეო ხატიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი