ახალი ამბები

მერაბიშვილი: სასამართლო დარბაზი დავტოვე, რადგან აუტანლად ციოდა

6 თებერვალი, 2014 • • 998
მერაბიშვილი: სასამართლო დარბაზი დავტოვე, რადგან აუტანლად ციოდა

წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 3 თებერვალს ჩატარდა, შესვენების შემდეგ ვანო მერაბიშვილი დარბაზში არ დაბრუნდა. მერაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლეს საბადრაგო სამსახურმა წერილობით აცნობა. 

 

მოსამართლე გაღიზიანდა იმის გამო, რომ მერაბიშვილმა სასამართლო დარბაზი მოსამართლის გაუფრთხილებლად დატოვა. აღნიშნულის შესახებ მერაბიშვილმა დღეს გააკეთა განმარტება. 

 

“ბოდიში მინდა მოგიხადოთ წინა სხდომასთან დაკავშირებით, დავტოვე დარბაზი იმიტომ, რომ აუტანელი სიცივე იყო და ვეღარ გავჩერდი”,- განაცხდა მერაბშვილმა. 

 

დღევანდელ სხდომაზე, ისე როგორც წინა სხდომაზე, დარბაზში ცენტრალური გათბობა გამორთულია და მხოლოდ ერთი ელექტროღუმელი ათბობს. სხდომა 26 მაისის საქმეზე დღეს, 11 საათზე, განახლდა. 

 

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე ბრალი 2013 წლის 28 მაისს წაუყენეს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.

 

მერაბიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი