ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი: პრიორიტეტი იქნება მცირე მთავრობა და ეკონომიკის ინკლუზიურობა

12 ივლისი, 2018 •
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი: პრიორიტეტი იქნება მცირე მთავრობა და ეკონომიკის ინკლუზიურობა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 12 ივლისს, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატი ივანე მაჭავარიანი წარადგინა, რომელიც წლების განმავლობაში ჯეოსელის ფინანსური და ეკონომიკური დირექტორი იყო.

წარდგენის შედეგ მაჭავარიანმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც ფინანსთა სამინისტროს მისი მინისტრობისას ექნება:

“ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც პრემიერმა თქვა. ეს არის მცირე მთავრობის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა. პირველი, ხარჯების შემცირებასთან ერთად, ბიუროკრატიის შემცირებასა და ოპტიმიზაციას ნიშნავს. ეს დღევანდელ დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია პროცესების გაციფრულების გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანი იქნება ამ პროცესში. რაც შეეხება ეკონომიკის ინკლუზიურობას, აქაც, როგორც მოგეხსენებათ, ეს პრიორიტეტი ახლახან გაცხადდა მთავრობის მიერ და ეს თავის თავში მოიცავს ყველა იმ სიკეთის, რაც გაგვაჩნია, მოსახლეობამდე უფრო სამართლიან მიტანას. ესეც მალე აისახება ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში. ეს პროგრამები დაიწყება მალე და 2019 წლამდე ყველა იქნება ჩაშვებული და ზოგი დამთავრებულიც კი.”

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობაში, სადაც 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება, მხოლოდ სამი ახალი მინისტრი წარადგინა.

კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი იქნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი ქობულია, გლობალური საკონსულტაციო კომპანია “მაკკინზის” უფროსი პარტნიორი.

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდება, აღნიშნული სამინისტრო კი იუსტიციის სამინისტროს უერთდება. რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, ის განათლების სამინისტროსთან გაერთიანდა, თუმცა უცნობია, რა ბედი ეწევა მინისტრ მიხეილ გიორგაძეს.

შემცცირებული სამინისტროები და მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა დაამტკიცოს.

ამავე თემაზე:

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი წევრები წარადგინა – სრული სია

მასალების გადაბეჭდვის წესი