ახალი ამბები

ღარიბაშვილის ხელმოწერილი ნებართვა წითელი ნუსხის სახეობების განადგურებაზე

5 თებერვალი, 2014 • • 1596
ღარიბაშვილის ხელმოწერილი ნებართვა წითელი ნუსხის სახეობების განადგურებაზე

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობა პრემიერ-მინისტრმა 27 იანვარს შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მისცა. ეს კომპანია დაბა შუახევის ტერიტორიაზე ჰესს აშენებს. როგორც მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, მსგავსი ნებართვის გაცემა ჰესის მშენებლობისა და მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ძირითადი და დამატებითი ინფრასტრუქტურული ობიექტების განთავსებისთვის გახდა აუცილებელი.


რა შემთხვევაშია გამართლებული წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობის მოჭრა, ამ თემაზე სასაუბროდ WWF-ის კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილეს ნუგზარ ზაზანაშვილს მივმართეთ.


„როდესაც სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე კეთდება და იქ არის წითელი ნუსხის სახეობები, შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ამოღება. მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგალითად, წაბლი, აჭარაში არის დიდი რაოდენობით და შეიძლება პრობლემა არ იყოს, მაგრამ იგივე უთხოვარის მოჭრა, უკვე პრობლემაა. უთხოვარი იზრდება ძალიან ნელა. იცით, ალბათ, ბაწარას ნაკრძალში კორომია. 1500 წლისაა ზოგი უთხოვარი, 1100-1200 წლის ხეებია. ამ სახეობას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ.


მსგავს სიტუაციაში არის ერთი გამოსავალი, როდესაც ნებისმიერ ხეს ვჭრით, უნდა ათჯერ მეტი დავრგოთ. მეწყერსაშიში სიტუაცია, რაც ხდება აჭარაში, მეტწილად ტყეების გაჩეხით არის გამოწვეული. ჰესები კიდევ გაზრდის ტენიანობას და კიდევ უფრო საგანგაშო გახდება მდგომარეობა. ამიტომ მეტი ხე უნდა დაირგოს“, – ამბობს ნუგზარ ზაზანაშვილი.


დადგენილების მიხედვით, მას შემდეგ, რაც კომპანია აღნიშნულ მერქანს მოჭრის, სამი თვის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების შედეგად ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.


შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი