ახალი ამბები

2500 ლარზე მეტი შემოსავალი 30%-ით დაიბეგრება – ჟორჟოლიანის იდეა

11 ივლისი, 2018 • 28261
2500 ლარზე მეტი შემოსავალი 30%-ით დაიბეგრება – ჟორჟოლიანის იდეა

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი გამოდის იდეით, რომ  2500 ლარს ზემოთ შემოსავალი, ნაცვლად დღეს არსებული 20%-ისა, 30%-ით დაიბეგროს.

ჟორჟოლიანის თქმით, ის აპირებს, რომ ამ ინიციატივით აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართოს, რათა მთავრობამ შეძლოს ინიციატივის პარლამენტისთვის წარდგენა. მისი თქმით, დეპუტატები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გადასახადებთან დაკავშირებით ინიციატივები წარადგინონ.

ჟორჟოლიანის ამ ინიციატივის მიხედვით, შესაბამისი ხელფასის მქონე პირი 2500 ლარზე 20 პროცენტით დაიბეგრება, ხოლო თუ მისი შემოსავალი ამ თანხას აღემატება და მაგლითად 4000 ლარია, მისი დარჩენილი 1500 ლარი უკვე 30%-ით დაიბეგრება.

გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ამგვარად დაახლოებით 500 მილიონი ლარის მობილიზებას შეძლებს ქვეყანა, რაც ეკონომიკის განვითარებაში უნდა ჩაიდოს. კონკრეტულად კი, ინდუსტრიული სფეროს განვითარებისთვის და კერძო წარმოების ხელშეწყობისათვის:

“ეს ფული, 400 მილიონი, ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე, უნდა წავიდეს წარმოების მხარდაჭერაზე რეგიონებში, 100 მილიონი უნდა წავიდეს ძირითადად სკოლებში და პროფესიულ სასწავლებლებში ხელფასების გასაზრდელად. საშუალო ხელფასი აქ ორჯერ უფრო დაბალია, ვიდრე საჯარო სექტორში. ეს სრულიად გამორიცხავს სტიმულის შექმნას მაღალკვალიფიციური კადრებისთვის”,- ამბობს ჟორჟოლიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ინვესტიციები შესაძლებელია ჩაიდოს მაღალტექნოლოგიურ სექტორში, მაგალითად, როგორიცაა ავიამრეწველობის მიმართულება და სოფლის მეურნეობა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის 55% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.

გია ჟორჟოლიანს იმის შესახებაც ვკითხეთ, რატომ არ შეიძლება ამ თანხის მობილიზება მოხდეს მცირე მთავრობის კონცეფციით ბიუროკრატიაზე დაზოგილი ხარჯებით, რასაც ახალი პრემიერ-მინისტრი ჰპირდება საზოგადოებას:

“ამ იდეას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ეს არასაკმარისია. ესეც არასაკმარისია, რასაც ჩვენ ვამბობთ, მაგრამ ყველა თანხის მობილიზება იმისთვის, რომ ინვესტიცია მოხდეს განვითარებაში, მიგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად. ამიტომ მხარს ვუჭერთ იმას, რასაც ბახტაძე ლაპრაკობს და მოვუწოდებთ მას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ”,- ამბობს ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანის ინიციატივის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან განსხვავებით, დებეგვრის ახალი სქემა ოჯახის შემოსავლის ნაცვლად, უშუალოდ კონკრეტული ადამიანებს შეეხებათ, რომლებსაც 2500 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ. დეპუტატს ვკითხეთ, შესაძლოა ოჯახში ერთ ადამიანს ჰქონდეს 2500-ლარიანი ხელფასი, მაგრამ ამ შემოსავალს არა მხოლოდ ის, არამედ არაერთი სხვა ადამიანი მოიხმარდეს, რომელთაც სამსახური არ აქვთ. დეპუტატის განმარტებით, შესაძლოა პირიქითაც იყოს, ოჯახში სამი ადამიანი ცხოვრობდეს და სამივეს მაღალი შემოსავალი ჰქონდეს.

ჟორჟოლიანის თქმით, მოსახლეობის 91%-ს არ შეეხება მის მიერ დასახელებული სქემა გაზრდილი გადასახადის შესახებ.

“იმასაც სერიოზულად არ შეეხება: თუ მაგალითად 3000 ლარი აქვს ხელფასი, თუ დღეს საშემოსავლოს გადასახადის სახით 600 ლარს იხდის, ახალი სქემით 650 ლარს გადაიხდის. ძირითადი შემოსავლები იმათგან წამოვა, ვისაც ძალიან მაღალი შემოსავლები აქვს”.

ამავე თემაზე

ჩვენი ინიციატივები გულისხმობს გადასახადების შემცირებას – ბახტაძე ჟორჟოლიანის ინიციატივაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი