ახალი ამბები

ჩვენი ინიციატივები გულისხმობს გადასახადების შემცირებას – ბახტაძე ჟორჟოლიანის ინიციატივაზე

11 ივლისი, 2018 • 2933
ჩვენი ინიციატივები გულისხმობს გადასახადების შემცირებას – ბახტაძე ჟორჟოლიანის ინიციატივაზე

“ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა პარლამენტში 3 კვირის უკან, ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გულისხმობს გადასახადების შემცირებას. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა”- აცხადებს პრემიერი მამუკა ბახტაძე დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატივის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, 2500 ლარზე მეტი შემოსავალი 20-ის ნაცვლად 30%-ით უნდა დაიბეგროს.

ჟორჟოლიანის თქმით, ის აპირებს, რომ ამ ინიციატივით აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართოს, რათა მთავრობამ შეძლოს ინიციატივის პარლამენტისთვის წარდგენა. მისი თქმით,  დეპუტატები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გადასახადებთან დაკავშირებით ინიციატივები წარადგინონ.

გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ამგვარად 500 მილიონი ლარის მობილიზებას შეძლებს ქვეყანა, რაც ეკონომიკის განვითარებაში უნდა ჩაიდოს. კონკრეტულად კი, ინდუსტრიული სფეროს განვითარებისთვის და კერძო წარმოების ხელშეწყობისათვის:

“ეს ფული, 400 მილიონი, ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე, უნდა წავიდეს წარმოების მხარდაჭერაზე რეგიონებში, 100 მილიონი უნდა წავიდეს ძირითადად სკოლებში და პროფესიულ სასწავლებლებში ხელფასების გასაზრდელად. საშუალო ხელფასი აქ ორჯერ უფრო დაბალია, ვიდრე საჯარო სექტორში. ეს სრულიად გამორიცხავს სტიმულის შექმნას მაღალკვალიფიციური კადრებისთვის”,- ამბობს ჟორჟოლიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ინვესტიციები შესაძლებელია ჩაიდოს მაღალტექნოლოგიურ სექტორში, მაგალითად, როგორიცაა ავიამრეწველობის მიმართულება და სოფლის მეურნეობა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის 55% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.

ჟორჟოლიანის თქმით, მოსახლეობის 91%-ს არ შეეხება მის მიერ ინიცირებული სქემა გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი