ახალი ამბები

დღეს აშშ-ის საელჩოსთან მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი გაიმართება

9 ივლისი, 2018 •
დღეს აშშ-ის საელჩოსთან მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი გაიმართება

დღეს, 20:00 საათზე, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის 29 ნომერში, სადაც აშშ-ის საელჩო მდებარეობს, გაიმართება ხადის ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი.

“ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, სამძიმრის გამოსახატად შევიკრიბოთ დღეს, 20:00 საათიდან, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ, მიმდებარე ტერიტორიაზე და თანაგრძნობა, წუხილი, სამძიმარი და მონანიებაც გამოვუცხადოთ სმიტების ოჯახის ახლობელბსა და ნათესავებს.”

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 20 წლის მ.კ. დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალისთვის მაქსიმალური სასჯელი უვადო პატიმრობაა.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

როგორც შსს აცხადებს, მაშველებმა და სამართალდამცავებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერში დაკარგულების პირადი ნივთები და ავტომობილი იპოვეს. 6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. როგორც სამართალდამცავი უწყება ამბობს, წინასწარი დათავლიერებით ქალის ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა უწყების წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, ეტყობოდა თუ არა ძალადობის ნიშნები მისი ქმრის ცხედარს. შესაბამისად, გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იყო დაწყებული. შსს ჯერ კიდევ გუშინ ამბობდა, რომ გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ ეტყობოდათ.

სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი