კობაური მოითხოვს, მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ – ადვოკატი

ცოლ-ქმარ სმიტებისა და მათი მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ითხოვს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ამ მოთხოვნით სასამართლოს 19 ნოემბერს მიმართავენ. ადვოკატი განმარტავს, რომ სასამართლომ ამ საქმეზე, შესაძლოა, გამამართლებელი განაჩენის მიღება ვერ გარისკოს და ამიტომ ნაფიც მსაჯულებს ითხოვენ.

9 ნოემბერს მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა. ამჟამად პროკურატურა ლორა სმიტის გაუპატიურებასა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობასაც ედავება. პროკურატურის ცნობით, ბრალის დამძიმება ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდა. კობაურის ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურის ბრალდება დაუსაბუთებელია.

მანამდე მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის, ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს.


2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მალხაზ კობაურის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.

თავდაპირველად გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა, ხოლო ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ სმიტების მკვლელობა ორმა მისთვის უცხო პირმა ჩაიდინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.