ახალი ამბები

ბურჯანაძე ამბობს, რომ 26 მაისს პატრიარქს სთხოვა დახმარება

3 თებერვალი, 2014 • • 1264
ბურჯანაძე ამბობს, რომ 26 მაისს პატრიარქს სთხოვა დახმარება

“აქციის დაშლამდე დავუკავშირდი პატრიარქს და ვთხოვე, იქნებ ეთხოვა ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენთვის ფიქრის დრო გაეხანგრძლივებინათ. პატრიარქმა გადმომირეკა ცოტა ხანში და შეწუხებული ხმით მითხრა – ბაქრაძისგან და სააკაშვილისგან უარი მივიღეო.”


ნინო ბურჯანაძის თქმით, 26 მაისის ღამეს მოხდა აქციის მონაწილეთა დასჯა და არა დაშლა:

“ოპერაცია დაიგეგმა ისე, რომ იქ აუცილებლად ყოფილიყო მსხვერპლი და დაღუპულიყო პოლიციელი, რომ ბურჯანაძეს მოცხებოდა დაღუპული ადამიანის სისხლი და გაეთამაშებინათ ის სპექტაკლი, რაც გათამაშდა”.

ბურჯანაძის თქმით, მან 26 მაისს ტერიტორია 00:22-00:25 სთ პერიოდში დატოვა, როცა უკვე აქცია დაშლილი იყო:

“მანამდე ტელევიზიები აცხადებდნენ, რომ მე დაშლამდე დავტოვე ტერიტორია, მაგრამ შემდეგ იფიქრეს, რომ უფრო წარმატებული იქნებოდა ჩემი ესკორტის მიერ პოლიციელის მოკვლის იდეა.”

მისივე განცხადებით, მისი შვილის მანქანას ნამდვილი ტყვიები ესროლეს, ხოლო მისი ესკორტის მანქანას სპეცრაზმელები ახტებოდნენ და არ უშვებდნენ ტერიტორიიდან:


“ეს ყველაფერი ხდებოდა სააკაშვილის დაკვეთით, ამიტომ ცუდია, რომ აქ მხოლოდ მერაბიშვილი ზის. პირველ რიგში, აქ უნდა იჯდეს სააკაშვილი. მე იმედი მაქვს, აქ კიდევ ერთხელ მომიწვევენ მოწმედ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მოსაცემად”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს 26 მაისის საქმეზე.


მისი თქმით, ის წინააღმდეგი იყო 26 მაისს რუსთაველზე მიტინგის გაგრძელების:


“ვიცოდი, რომ ხელისუფლება გამოიყენებდა ძალას, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ძალა იქნებოდა ასეთი ბრუტალური. მე ვიყავი მომხრე, რომ შეგვეწყვიტა აქციები, თუმცა სახალხო კრებამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ რუსთაველზე ვრჩებოდით.”


მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა დასჯა არა მხოლოდ აქციის დღეს, არამედ მომავალ დღეებშიც გრძელდებოდა, ამის გამო ის 26 მაისის საღამოს უკვე პირადად შეხვდა პატრიარქს:

“საღამოს შევხვდი პატრიარქს, რათა როგორმე შეეჩერებინათ ადამიანების უმოწყალო ცემა, რომელიც გრძელდებოდა”, – განაცხადა ბურაჯანაძემ, მისივე თქმით მიუხედავად ამისა ეს პროცესი არ  შეჩერებულა. სასტიკად გაუსწორდნენ მისი დაცვის წევრებს, ასევე მძღოლს და სხვა პირებს. საერთო ჯამში კი 800–დან 900 ადამიანამდე დააკავეს, საიდანაც 300–მდე პირი პასუხისგებაში მიეცა.

შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა მაშინდელი მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს ნინო ბურჯანაძეს და მის ვაჟს შორის ГРУ-სთან მოლაპარაკებების თაობაზე, ნინო ბურჯანაძემ უპასუხა:


“თუ მე მოლაპარაკება მქონდა ГРУ-სთან, რატომ არ დამაკავა ხელისუფლებამ? საქმე თუ ასე შემოტრიალდა, ბრალი უნდა დაუმძიმდეს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს. თუ მე სახელმწიფო გადატრიალებას ვაპირებდი, ამის მტკიცებულება ჰქონდა მერაბიშვილს და არ დამაკავა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული”.


დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს ბურჯანაძემ, ასევე, ისაუბრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეც. მისი თქმით, საქართველოს მაშინდელი მთავრობა 2008 წლის აპრილში აპირებდა ომის დაწყებას რუსეთთან. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ 1 ქართველი ჯარისკაცი უდრიდა 50 რუსს, ასევე, საქართველოს ჰქონდა ახალი სამხედრო ტექნიკა, რუსებს კი- დაჟანგული ტანკები.


“ის, რომ ომი არ დაიწყო აპრილში, ჩემი დამსახურებაა,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.



მასალების გადაბეჭდვის წესი