ახალი ამბები

პროკურატურა: მოწმეებმა დაადასტურეს მერაბიშვილის ბრალეულობა 26 მაისის საქმეზე

3 თებერვალი, 2014 • • 1031
პროკურატურა: მოწმეებმა დაადასტურეს მერაბიშვილის ბრალეულობა 26 მაისის საქმეზე

საქართველოს პროკურატურა მერაბიშვილის დამცველი ადვოკატების განმარტებას გამოეხმაურა, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოძახებული მოწმეების ჩვენებებმა ვერ დაადასტურა ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა 26 მაისს განვითარებულ მოვლენებში. 

 

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის ორი საკვანძო მოწმე, რომლებმაც დაადასტურეს ივანე მერაბიშვილისთვის წარდგენილი ბრალდება. დაცვის მხარის განცხადებები ბრალდების მოწმეების მიერ მათთვის სასარგებლო ჩვენებების მიცემის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

პროკურატურის განცხადებით, მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ 2011 წლის 26 მაისს სამართალდამცავები მოქმედებდნენ ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, “ჩატარდა სადამსჯელო ოპერაცია, რომლის მიზანი იყო არა მიტინგის დაშლა, არამედ მშვიდობიანი მომიტინგეების ალყაში მოქცევა და მათი მასობრივი დაკავება”.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. ბრალდების მხარის მოწმედ ნინო ბურჯანაძე დაიკითხა.

 

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე ბრალი 2013 წლის 28 მაისს წაუყენეს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.

 

მერაბიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი