ახალი ამბები

სააკაშვილი განმარტავს, რატომ არ აკეთებს კომენტარს მერაბიშვილთან დაკავშირებულ ვიდეოზე

1 თებერვალი, 2014 • • 1041
სააკაშვილი განმარტავს, რატომ არ აკეთებს კომენტარს მერაბიშვილთან დაკავშირებულ ვიდეოზე

“საქართველოს მოვლენებზე რატომ არ ვაკეთებ კომენტარს, მინდა მარტივად გითხრათ. მე უკვე რამდენიმე თვეა აღარ ვარ საქართველოში, ძალიან მტკივა, მაწუხებს და მაინტერესებს ყველაფერი, რაც ხდება ჩემს სამშობლოში. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამესვენებინა ჩვენი ხალხი ჩემგან, მოვშორებულიყავი საქართველოს შიდა პოლიტიკას. ეს გადაწყვეტილება მივიღე შეგნებულად, ეს ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე, ყველაფერზე არ აკეთო [კომენტარი] და, სხვათა შორის, არ აკეთო არაფერზე კომენტარები, არ ჩაერიო პროცესებში. საქართველოში არის საკმარისზე მეტი პოლიტიკოსი და საკმარისზე მეტი ვნებები არსებობს. ისედაც დაძაბული პოლიტიკური ტემპერატურაა და ნამდვილად არ მინდა, ჩემი გამოჩენით ამას მეტი რაღაც მივცე, ეს არის და ეს”- განაცხადა სააკაშვილმა. 

 

მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში იმყოფება. მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია იმართება. სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებს- ვიტალი კლიჩკოს, პეტრო პოროშენკოსა და არსენი იაცენიუკს შეხვდა. ყოფილმა პრეზიდენტმა შეხვედრის დაწყებამდეც გააკეთა კომენტარი ვიდეოზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა:

 

“მე საერთოდ პოლიტიკაში, ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამრევთ. გითხარით, რისთვისაც ვარ აქ. საკმარისი ქართული პოლიტიკა მქონდა ცხოვრებაში. იმისათვის, რომ გამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც, მაგრამ ეს რაც ხდება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველანაირი ჩვენი ადგილობრივი რაღაცები”.

 

ვიდეომასალაზე, რომელიც  გავრცელდა, ასახულია ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.

 

“ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია იქნება დიდი,” – მიმართავს მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ვიდეოში საუბრის დროს ნახსენებია მუხროვანიც. 

 

გავრცელებულ ვიდეოს ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გამოეხმაურა. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, მას არავის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება არ გაუცია:

 

“მე ეს ჩანაწერი მახსოვს და თქვენ კადრებში ხედავთ, რომ ჩანაწერი კეთდება ღიად. მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მუხროვანის აჯანყებაში, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც საყოველთაოდ ცნობილია, მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი, ГРУ–ს თანამშრომლები, და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტის დაფარვის მიზნით შეთქმულების მონაწილეებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ინფორმაციას ამ ორი ადამიანის პოვნის შესახებ, რათა ჩვენ დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის.”- განაცხადა მერაბიშვილმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი