ახალი ამბები

პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული თერაპია ღვიძლის კიბოს არ იწვევს – ჰეპატოლოგთა ასოციაცია

5 ივლისი, 2018 • 3110
პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული თერაპია ღვიძლის კიბოს არ იწვევს – ჰეპატოლოგთა ასოციაცია

საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია (საჰეა)  C ვირუსის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტივირუსული მედიკამენტების მიღებასა და ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის თქმით, მიმდინარე დებატებს არაფერი საერთო არ აქვს თანამედროვე მედიცინაში არსებულ პროცესებთან და რეალურ სამეცნიერო ფაქტებთან.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჰეპატოლოგიის წამყვანი ექსპერტები ცალსახად შეთანხმდნენ შემდეგ უტყუარ ფაქტებზე:

  1. ახალი თაობის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის სარგებელი ბევრად აღემატებოდა შესაძლო რისკებს.
  2. ახალი თაობის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული თერაპია არ იწვევს ღვიძლის კიბოს.

“ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (EASL) უკანასკნელ, 2018 წლის მეთოდურ რეკომენდაციაში, რომელიც C ვირუსის მკურნალობას ეძღვნება, ანტივირუსული მკურნალობის მიზნების ჩამონათვალში ღვიძლის სხვა გართულებების თავიდან არიდებასთან ერთად ხაზგასმით არის აღნიშნული ჰეპატოცელულური კარცინომის განვითარების რისკის შემცირება. ასევე აღნიშნულია, რომ იმ პაციენტებში, რომელთაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ ღვიძლის კიბო, ანტივირუსული თერაპიის სარგებელი ბოლომდე ნათელი არ არის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას ღვიძლის მძიმე, შეუქცევადი დაზიანება აღენიშნება, მკურნალობა მაინც დასაშვებია ჰეპატოცელულური კარცინომის მჭიდრო მეთვალყურეობის პარალელურად,” – ამბობს ასოციაცია.

განცხადების ბოლოს საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია პაციენტებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს:

  1. პაციენტები, რომლებსაც ანტივირუსული მკურნალობის დაწყებამდე დაესვათ ღვიძლის მძიმე დაზიანების (მძიმე ფიბროზი, კომპენსირებული ციროზი ან დეკომპენსირებული ციროზი) დიაგნოზი, ვირუსის განადგურების მიუხედავად არიან ღვიძლის დაზიანების პროგრესირების და/ან ჰეპატოცელულური კარცინომის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ იმ პაციენტებთან შედარებით, ვისაც არ აღენიშნებოდა ღვიძლის მძიმე დაზიანება. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე ყველა პაციენტმა უნდა გააგრძელოს გეგმური მეთვალყურეობა მკურნალობის დასრულების შემდეგ.
  2. პაციენტები, რომლებსაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ ჰეპატოცელულური კარცინომა, აუცილებლად უნდა იყვნენ როგორც მინიმუმ გამოცდილი ექიმი ჰეპატოლოგის, ექიმი ონკოლოგისა და ექიმი რადიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტილება ანტივირუსული მკურნალობის დაწყებასთან და ონკოლოგიური მართვის ტაქტიკასთან დაკავშირებით მიღებულ უნდა იქნას მულტიდისციპლინური განხილვის შედეგად.

მასალების გადაბეჭდვის წესი