ახალი ამბები

მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილი საქმეზე ოთხი ყოფილი მინისტრი დაიკითხა

31 იანვარი, 2014 • • 1145
მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილი საქმეზე ოთხი ყოფილი მინისტრი დაიკითხა

სასამართლო სხდომაზე მხარეებმა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ვახტანგ ბალავაძე, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ზაზა გოროზია დაკითხეს.

 

“ძირითადად, კითხვები იყო დასაქმების პროგრამაზე. კითხვები ეხებოდა იმას, თუ რა პროცედურებით დამტკიცდა ეს პროგრამა. მე გახლდით იმ მთავრობის წევრი, რომელიც ახორციელებდა ამ პროგრამას და მე დღესაც მეამაყება ეს. მეამაყება, რომ ვიყავი იმ მთავრობის წევრი, რომელიც ყველაზე მთავარი პრობლემის, უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ახორციელებდა. ეს იყო მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილება და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა და კარგი იქნება, დღევანდელი ხელისუფლებაც თუ გააგრძელებს,” – ამბობს ვახტანგ ბალავაძე.

 

დიმიტრი შაშკინის თქმით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე უპრეცედენტოა:

 

“ეს პროცესი საერთოდ არის საოცრება იურისპრუდენციაში. მსოფლიოს პრაქტიკიდან არ ვიცი მაგალითი, როცა ადამიანს ასამართლებენ კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილებისთვის. ის პროგრამა, რომელზეც ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს ედავებიან, იყო მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ, კოლეგიალური ორგანოს მიერ და ყველა მინისტრმა ხელი მოაწერა ამ დადგენილებას. მეორე საოცრება ისაა, რომ ადამიანებს უმუშევრობასთან ბრძოლის გამო ასამართლებენ. მათ დაიწყეს რეალური ზრუნვა და აღწერა იმ ხალხის, ვისაც სამსახური ჭირდებოდა. მე, როგორც ყოფილი განათლების მინისტრი, პრემიერ–მინისტრთან ამაზე ხშირად ვსაუბრობდი, რომ იგივე პროფგანათლებისთვის, უმაღლესი განათლებისთვის ეს ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. შეუძლებელია დაგეგმო განათლების სისტემა ქვეყანაში, თუ არ იცი, რომელი პროფესიები არ არის მოთხოვნადი ბაზარზე და ამისთვის კეთდებოდა ეს პროგრამა.”

 

რაც შეეხება გოროზიას და ხეთაგურს, მათ ჟურნალსიტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი