“2009 წლის მუხროვანის აჯანყება იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია ქართული სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს ოპერაცია მართული იყო რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ. არსებული ინფორმაციით, მათი წარმომადგენლები უშუალოდ იმყოფებოდნენ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. რამდენიმე ქვედანაყოფი სამხედრო ტექნიკითა და მძიმე შეიარაღებით აპირებდა სამხედრო ნაწილებიდან გამოსვლას. შედეგად მივიღებდით სისხლისღვრას, სახელმწიფოს ჩამოშლას და დასუსტებული სახელმწიფოს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპაციას „მოძმე ერის გადასარჩენად“ მოტივით”– ნათქვამია განცხადებაში.
ბაჩო ახალაიას განცხადებით, ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლება მსოფლიოს ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მიმართავდა ადეკვატურ, გადამწყვეტ ზომებს მსგავსი დანაშაულის აღსაკვეთად, მით უფრო, აჯანყების ჩახშობა მოხერხდა მსხვერპლის გარეშე:
” ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ისრაელში, ან დიდ ბრიტანეთში მტრული სახელმწიფოს მიერ სამხერდო აჯანყების ნეიტრალიზაციის ოპერაციის გამო წინა ხელისუფლების მიმართ შურისძიებას ახორციელებდნენ. ასეთ პრეცედენტს ვერავინ მოიძიებს. სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ეს კანონზომიერია, განსაკუთრებით კი უამრავი ხიფათის შემცველ გარემო პირობებში. ამ ფონზე მოქმედი ხელისუფლება, რომლის მთავარი პასუხისმგებლობაა ქვეყნის უსაფრთხოება, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ზრუნვა, თავისი რიტორიკით ახალისებს ტერორიზმს, სისხლიან ამბოხს, შეიარაღებული ძალების დაუმორჩილებლობას. ხელისუფლება ამით ასხივებს შიშს და უნიათობას, ხელისუფლება ამით უშვებს გზავნილს, რომ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც საფრთხე შეექმნება ქვეყნის უსაფრთხოებას, მოქალაქეების სიმშვიდეს, დღევანდელ ხელისუფლებას არც სურვილი და არც იმის თავი ექნება, რომ ადეკვატური ზომები მიიღოს. დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ როგორ ახდენს ხელისუფლება სახელმწიფოებრიობის უგულვებელყოფას. დღეს “ქართული ოცნების” პროპაგანდა ნერგავს ისეთ მიდგომებს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს არსებობას. როდესაც საკუთარი არაჯანსაღი პოლიტიკური ამბიციის დაკმაყოფილების მიზნით, ადამიანების ტრაგედიას, მათ შორის ჩვილის სიკვდილს, ადამიანების მიმართ ძალადობას, საკუთარი საარჩევნო მიზნებისათვის იყენებ. როდესაც მთავარ საქმიანობად დაისახავ ომგამოვლილ პატრიოტების, ისეთები როგორიც არიან თენგიზ გუნავა, რომან შამათავა, ალქესანდრე გორგაძე, ზურაბ შამათავას, ციხეში გამომწყვდევას, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს იმაზე, რომ საკუთარ ქვეყანას დააბრალო ტერორისტების მომზადება, ტერორისტული აქტები ორგანიზება, ომის დაწყება და მოწმეებად მოგყავს რუსი მარიონეტების, მაგალითად, ბაღაფშის და სხვა აფხაზი კრიმინალების ჩვენებები; როდესაც რუსეთის ჯაშუშებს და მეამბოხეებს პოლიტპატიმრებად ასაღებ – დიაგნოზი ნათელია – შენ საკუთარ სახელმწიფოს ებრძვი. “ქართული ოცნება” არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, არამედ საქართველოს ასამართლებს ოკუპანტი სახელმწიფოს დაკვეთით“ – აღნიშნულია განცხადებაში.