მიქაელ ბოტკოველი მიიჩნევს, რომ თუ აღნიშნული კონფესიები მართლაც დაზარალდნენ, მათ დაფინანსება უნდა მიეცეთ, ხოლო დაფინანსების მოცულობა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს.
“თუ კონფესიები, რომელზედაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, მართლაც დაზარალდნენ და მათ ტოტალიტარული მმართველობის პერიოდში ზარალი განიცადეს, მათი დაფინანსება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ზომასა და მასშტაბებს ალბათ ხელისუფლება განსაზღვრავს”,- განაცხადა ბოტკოველმა.
ბოტკოველი იმედოვნებს, რომ მთავრობის დადგენილება დაასრულებს იმაზე საუბარს, რომ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდბელი ეკლესია ფინანსდება ბიუჯეტიდან.
“საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ იმაში, რომ მათაც შესაბამისი დაფინანსება მიიღონ. ერთგვარად შეცვლის ალბათ საზოგადოების დამოკიდებულებას და ყბადაღებულ თემას, რომ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფინანსდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იღებს კომპენსაციას იმ ზიანის გამო, რომელიც მას მიადგა ბოლშევიკური ხელისუფლების მმართველობის პერიოდში და ეს თანხა არის განუსაზღვრელად დიდი, ვიდრე ის თანხა, რასაც ეტაპობრივად იღებს”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოთხი რელიგიური გაერთიანება: სომხეთის სამოციქულო ეკლესია, ებრაული თემი საქართველოში, საქართველოს სამუფთო სამმართველო და ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ.