ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: ოთხი კონფესიის დაფინანსების იდეა ივანიშვილს ეკუთვნოდა

27 იანვარი, 2014 •
ზაქარეიშვილი: ოთხი კონფესიის დაფინანსების იდეა ივანიშვილს ეკუთვნოდა

ეს განცხადება ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

მისი თქმით, ივანიშვილი ამ საკითხს პრემიერობის დროს ცალსახად აყენებდ და შემდგომში ეს ახალმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ დააფიქსირა.

თუმცა, ზაქარეიშვილის თქმით, ცნობილია, რომ კონფესიების დასაფინანსებლად დაახლოებით 4.5. მილიონი ლარი გამოიყოფა:

“ჯერჯერობით საუბარია ზოგად თანხაზე, რომელიც გაიყოფა პროპორციულად, ამაზე უკვე ვიმუშავეთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. თანხის ზედა ზღვარი დაახლოებით 4.5. მილიონი ლარით განისაზღვრება, ეს გაიყოფა პროპორციულად, ანუ არათანაბრად”, – აცხადებს ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, ამ საკითხზე რელიგიურ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია მუშაობს და ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თანხა, თუ რამდენს მიიღებს თითოეული კონფესია საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის:

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

“რათა მოხდეს იმ მიმართულებებისთვის ზარალის ანაზღაურება, რომლებმაც სისტემური წნეხი და დარბევები განიცადეს, ჰქონდათ ხელის შეშლა საბჭოთა პერიოდში – ამ ფორმულირებით უკვე დიდი ხანია მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ხდება ზარალის ანაზღაურება, მაგრამ იყო სხვა რელიგიური გაერთიანებებიც, რომლებმაც არანაკლები ზარალი მიიღეს, სისტემურ ზარალს ვგულისხმობ. მიმაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯი”, – აცხადებს მინისტრი. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო უკვემორწმუნე მოსახლეობის 90%–ს მოიცავს.

რაც შეეხება რელიგიური გაერთიანებების დანარჩენ 10%–ს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საჭირო იქნება საკითხის შესწავლა, რამდენად სისტემური იყო ეს ზარალი და როგორ შეიძლება სახელმწიფომ მათ მიმართაც მიიღოს გადაწყვეტილება:

“ეს თემა არ დახურულა, ეს გრძელდება”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი