პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სომხური სამოციქულო, კათოლიკური, მუსლიმური და იუდაისტური რელიგიური გაერთიანებები ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ.
“ნეტგაზეთი” აღნიშნული ოთხი კონფესიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და ჰკითხა – თანახმა არიან თუ არა, საბიუჯეტო დაფინანსება მიიღონ.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში აცხადებენ, რომ მიესალმებიან პრემიერის ინიციატივას, რადგან ამით თანასწორობა აღდგება:
“როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფინანსდება იმის გამო, რომ სახელმწიფოებრიობის არქონის პირობებში ზარალი ჰქონდა მიყენებული, სხვა ეკლესიებიც, რომელთაც ზარალი მიადგათ, ისინიც უნდა დაფინანსდნენ, რომ ის მიყენებული ზარალი აღმოფხვრილი იყოს,” – განაცხადა ლევონ ისახანიანმა, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობისა და ინტერრელიგიური თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე – უნდა ფინანსდებოდეს თუ არა რელიგიური გაერთიანება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისახანიანმა უპასუხა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია “მოქალაქეთა თანასწორობა, მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა.”
მისი აზრით, დაფინანსების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მიყენებულ ზარალს, მრევლის სიდიდეს. ისახანიანი იხსენებს, რომ მთავრობის წარმომადგნელები მათთან კონსულტაციებს გადიოდნენ და აზუსტებდნენ ეკლესიებისა და მღვდლების რაოდენობასა და სხვა დეტალებს.
საქართველოს მთავარი რაბინი ავიშაი ბათაშვილი ამბობს, რომ ინიციატივას მიესალმება და მთავრობა ებრაულ თემთანაც გადიოდა კონსულტაციებს დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით.
“ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი და ძალიან კარგი მაჩვენებელი, რომ საქართველოს მთავრობას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს რელიგიური უმცირესობების მიმართ”, – ამბობს რაბინი.
ავიშაი ბათაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანების დაფინანსება მისაღებია და ეს არაერთ ქვეყანაში ხდება:
“ეს მიღებული არის ბევრ თანამედროვე ქვეყანაში ევროპაში, ისრაელში. საქართველო არ არის პირველი, რომელმაც ეს გადაწყვიტა”,- თქვა რაბინმა.
ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ადმინისტრაცია ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს და მოგვიანებით გააკეთებენ კომენტარს.
საქართველოს სამუფთო სამმართველოში აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ ინიციატივას იცნობენ, რომელიც მედიის საშუალებით შეიტყვეს, და დეტალების გარკვევის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
პრემიერის თქმით, ეს ეკლესიები საბჭოთა კავშირის პერიოდში დაზარალდა. მას არ დაუკონკრეტებია თანხის ოდენობა, თუ რამდენით დაფინანსდება აღნიშნული კონფესიები, თუმცა აღნიშნა, რომ თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა და პროპორციულად გადანაწილდება.
“ჩვენ გვაქვს თანაბარი პატივისცემა სხვადასხვა რელიგიის მიმართ. ამის დატურია ის, რომ დღეს გამოგვაქვს საკითხი, რომელიც შეეხება 4 რელიგიური მიმართულების დაფინანსებას ბიუჯეტიდან. ეს დაფუძნებული იქნება იგივე პრინციპზე, რომლითაც ვაფინანსებთ მართლმადიდებლურ ეკლესიას”,- განაცხდა ღარიბაშვილნა მთავრობის ხდომის დაწყების წინ.
მთავრობის დადგენილების პროექტი “საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხოციელების წესის დამტკიცების თაობაზე” დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ჯერჯერობით ერთი რელიგიური ორგანიზაცია – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფინანსდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის ყოველწლიურად 25 მილიონი ლარია გამოყოფილი.