ახალი ამბები

შს მინისტრის თქმით, ხორავას საქმეზე დაკავებები გაგრძელდება

27 ივნისი, 2018 • 1874
შს მინისტრის თქმით, ხორავას საქმეზე დაკავებები გაგრძელდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, გამოყოფილი საქმის ფარგლებში, დაკავებები გაგრძელდება.

“გამოყოფილია ცალკე საქმე, რომელიც 27 დეკემბერს გამოიყო. ამ საქმის ფარგლებში, სიტუაციის, მოვლენების განვითარების არცერთ შემთხვევას, არცერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. როგორც იცით, ახალ, გამოყოფილი საქმის ფარგლებში, რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და, როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელობის საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის შესახებაც. გახარიას თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიას ამ ეტაპზე არანაირი შედეგი არ დაუდია:

„ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში შექმნილია საპარლამენტო კომისია. საპარლამენტო კომისიამ მუშაობა ახლახან დაიწყო და გრძელდება. მე იმის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც კომისიის წევრები მუშაობას დაასრულებენ. ამ ეტაპზე არანაირი შედეგი არ დაუდია კომისიას, რადგან მისი მუშაობის ვადა არის სამი თვე და სულ რაღაც სამი დღეა მუშაობს. ეს თემა დავხუროთ ახლა” – ამბობს გახარია.


  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამაა, 3 დეკემბერს საგამოძიებო უწყებას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. პროკურატურამ მისი მოთხოვნა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა და გაათავისუფლა სამსახურიდან.
  • 2018 წლის 31 მაისს საქმის სასამარტლო განხილვა დასრულდა. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებულის ნაწილში გამამამრთლებელი განაჩენი გამოიტანა. ხოლო მეორე ბრალდებულს სარალიძის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი