დღეს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა შორის ჩხუბი მოხდა, რომლის შედეგადაც ორი მათგანი დაჭრეს. დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამსახურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე – კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში- ექიმებმა საოპერაციოში შეიყვანეს. საქმეს ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, ხოლო გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც დეტექტივ-გამომძიებელი, ლევან დიდიძე აცხადებს, ამ ეტაპზე საქმის დეტალები უცნობია. უცნობია დანაშაულის მოტივიც. შსს-ს თქმით, ხორავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მიმდინარეობს მათი შესწავლა.
“14:10 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მოხდა ჩხუბი. აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშრებით მყისიერად გამოცხადდა საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ადგილზე მისვლისას დაგხვდა ორი არასრულწლოვანი დაჭრილი. ერთ-ერთი მათგანი, სამწუხაროდ, საავადმყოფოში მისვლისთანავე გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამოღებულია გარე პერიმეტრის ჩანაწერები, სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ამ წუთებში მიმდინარეობს ამ კამერების შესწავლა. ბრალდებულების ვინაობა ცნობილი არაა. დანარჩენზე მოგვიანებით გეტყვით “ – განაცხადა ლევან დიდიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით გამოძიება არ დასრულებულა, საქმის შესაძლო მოტივებზე და მომხდარი ჩხუბის დეტალებზე თვითმხილველები საუბრობენ. უმეტესობის თქმით, ეზოში ბევრი ბავშვი ერთდროულად შემოვიდა, თუმცა ჩხუბი მალევე დამთავრდა, რის შემდეგადაც ერთ-ერთი დაჭრილი ეზოს გარეთ გამოვიდა და სადარბაზოს წინ დაჯდა. გარდა ამისა, მათივე ცნობით, დაჭრილი არასრუწლოვნები 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რასაც ამავე სკოლის სხვა მოსწავლეებიც ადასტურებენ.
“ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ არაფერი ვიცოდი ჩხუბზე. ამბობენ, 53-ე სკოლის მოსწავლეებს ეჩხუბნენ, მაგრამ იქ კამერები შეუმოწმებიათ და ყველაფერი რიგზე არისო. მეექვსე გაკვეთილის შემდეგ მოხდა ჩხუბი. სხვა არაფერი ვიცით”- აცხადებს 53-ე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.
ჩხუბის მონაწილეები მართლაც სკოლიდან რომ მოდიოდნენ, საუბრობს ირაკლი გორგილაძეც, რომელიც ჩხუბის დროს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.
“ორი საათის წინ ამ ქუჩაზე რომ მოვდიოდი, დავინახე ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლე. სკოლის მოსწავლეები რომ იყვნენ, მივხვდი იქიდან, რომ სასკოლო ჩანთები ეკიდათ. აღელვებულები მიდიოდნენ, მივხვდი, რომ რაღაც ცუდად იყო. მეტროს მხრიდან ამოდიოდნენ. უკვე შემდეგ გავიგე, რომ ორი ბიჭი დაჭრეს “ – ამბობს ირაკლი გორგილაძე.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებს ხორავას ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობაც.
ლალი მესხი იმ კორპუსის მცხოვრებია, რომლის ეზოშიც უფროსკლასელებმა ერთმანეთი დაჭრეს. მისი თქმით, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და შეუძლებელი იყო იმის გარჩევა, რა იარაღით მიაყენეს დაზარალებულებს ჭრილობა.
“ფანჯარაში რომ გავიხედე, უცბად შემოცვივდნენ და ერთ წამში მოხდა ყველაფერი. ვერ გავიგე კარგად, მერე დავინახე , რომ ერთ ბიჭს ჰქონდა სისხლი, ერთი დაჭრილი დაეცა და მეზობლებმა პატრულში და სასწრაფოში დავიწყეთ რეკვა. მალე მოვიდა პოლიცია. მეორე (იგულისხმება დაჭრილილი)თურმე არავინ იცოდა, ერთი სასწრაფო რომ მოვიდა, შორს გაჩერდნენ, არ იცოდნენ, რომ ის იქ იყო. ჩხუბის შემდეგ მოვიდა სკოლის სასწავლო ნაწილი და ეფერებოდა დაჭრილს. ხმაურიც არ იყო იქამდე, უცბად ატყდა, ერთ წამში “ – განაცხადა ლალი მესხმა.
იმას, რომ ჩხუბი მალევე დასრულდა, ადასტურებს კიდევ ერთი თვითმხილველიც, რომლის თქმით, ინციდენტმა სწრაფად და უხმოდ ჩაიარა.
“ჩვენი ოფისის სამზარეულოს ფანჯარა უყურებს ეზოს. გადავიხედეთ და დავინახეთ, რომ იყო ჩოჩქოლი და ბევრი ბავშვი. იარაღი ვერ დავინახეთ იმიტომ, რომ იმდენად ერთმანეთში იყვნენ არეულნი, რომ შეუძლებელი იყო ამის გარჩევა. არც ყვირილი გამიგონია, იმდენად ხმაც არ იყო. ჩვენი ისეთ დროს გადავიხედეთ უკვე, რომ დავინახეთ, რომ ამ ბავშვს უკვე მოსდიოდა სისხლი და დაჭრილი იყო. ჩემი აზრით, ვერც ბავშვი მიხვდა, თუ რა მოხდა,“ – აცხადებს ხორავას 4 ნომერში მყოფი ერთ-ერთი თვითმხილველი.
რაც შეეხება მოტივს, ჯერჯერობით უცნობია. ხორავას 4 ნომერში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ხოლო ეზოს შესასვლელებთან, როგორც წინა , ასევე სადარბაზოს მხრიდან, პოლიციის ლენტებია გაკრული.