ახალი ამბები

მერაბიშვილის საქმეში ”ალიას” სტატია მტკიცებულებად არის წარმოდგენილი

17 იანვარი, 2014 • • 1076
მერაბიშვილის საქმეში ”ალიას” სტატია მტკიცებულებად არის წარმოდგენილი

როგორც პროკურორი ქეთევან ჩაჩავა ამბობს, საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად წარმოდგენილია გაზეთი ”ალიას” სტატია:

 

”აგარაკის მფლობელმა ზურაბ ლობჟანიძემ განცხადება როდესაც შემოიტანა, მას მოაყოლა დანართი საგაზეთო სტატიის სახით. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ გამოვიკვლიოთ ეს სამართლებრივი დეტალი და გასაკვირი ამაში არაფერია. ”ალიას” სტატიაში საუბარია, რომ 2009 წელს, გამოძიების დაწყებისთანავე, ივანე მერაბიშვილმა და გირგვლიანის საქმეში ბრალდებულებმა აგარაკზე დაისვენეს, იქეიფეს და ეს გადაღებული იქნა ”ალიას” ერთ-ერთი კორესპონდენტის მიერ. სტატიაში წარმოდგენილია ივანე მერაბიშვილის ფოტო და მითითებულია, რომ ქეიფობდნენ სანაპიროზე, ერთობოდნენ და იმ წელს, როდესაც მოხდა აგარაკზე შესვლა, ივანე მერაბიშვილი ისვენებდა იქ,”- აღნიშნავს ქეთევან ჩაჩავა.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, სადაც ”ასავალ-დასავალის” იდეოლოგიაა გამეფებული, მსგავსი ფაქტი ლოგიკურია:

 

”პროკურატურა ჯერ პრემიერ ივანიშვილის და შემდეგ პრემიერ ღარიბაშვილის ინსტრუქციებით  მოქმედებს, რაც დღევანდელ სხდომაზე იმაში გამოიხატა, რომ გაზეთ ”ალიას” სტატიები არა მარტო ღარიბაშვილის ბრიფინგზე ვიხილეთ გუშინ, არამედ პროკურატურამ დღეს მტკიცებულებად წარმოადგინა. ქვეყანაში, სადაც ”ასავალ-დასავალის” იდეოლოგიაა გამეფებული, ეს აბსოლუტურად ლოგიკურ მოვლენად მიმაჩნია.”

 

სასამართლო სხდომა 22 იანვარს განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი