ახალი ამბები

ბესელია ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების და იუსტიციის უწყებების გაერთიანება განიხილება

18 ივნისი, 2018 • 2060
ბესელია ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების და იუსტიციის უწყებების გაერთიანება განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია ამბობს, რომ დღის წესრიგში დგას იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანება.

“იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაძლო გაერთიანების საკითხი მსჯელობის საგანია. ადრეც იყო მსჯელობის საგანი და ახლაც დგას დღის წესრიგში, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, მას შემდეგ მივიღებთ, რაც მთლიანობაში დავინახავთ ამ სტრუქტურულ ცვლილებებს”,- განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 18 ივნისს, პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ მომავალი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ წარადგინა. მამუკა ბახტაძის განმარტებით, მისი სამთავრობო პროგრამა, რომელიც უკვე მზად არის, ითვალისწინებს 14 სამინისტროს 11-მდე შემცირებას. თუმცა დღეს არსებული კანონმდბელობიდან გამომდინარე მინისტრობის 11 კანდიდატს ვერ დაასახელებდა, რადგან სამინისტროების შემცირებას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

ამიტომ, ბახტაძის თქმით, მთავრობის დღეს არსებული შემადგენლობა ფორმალურად უცვლელი რჩება, მას შემდეგ კი, რაც ის ნდობას მოიპოვებს, პარლამენტში ახალი საკანონმდებლო წინადადებებით წარდგებიან და სამინისტროების შემცირებას მოითხოვენ. ამის შემდეგ  ის მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. ბახტაძე ამბობს, რომ მომავლ მთავრობაში ახალი სახეები აუცილებლად იქნებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი