ახალი ამბებიკომენტარი

„ყველა, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს, სადარბაზოში შავი სათვალით არ ზის და ხალხს არ ატერორებს“

17 ივნისი, 2018 • 1912
„ყველა, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს, სადარბაზოში შავი სათვალით არ ზის და ხალხს არ ატერორებს“

ცოტნე გორგოშიძე, მუსიკოსი:

„მთავრობის საქმე არაა რას უზამს ადამიანი საკუთარ სხეულს. სხვა საქმეა, რამდენად მისასალმებელია ნარკოტიკის მოხმარება. შეიძლება ადამიანმა ცხოვრება დაინგრიოს, გაიფუჭოს ჯანმრთელობა, მაგრამ მისი სხეული მისი პასუხისმგებლობაა და არა მთავრობის.

კვლევებით დადგენილია, რომ მძიმე ნარკოტიკზე უმეტესად უბედური და უიმედო ხალხი ხდება დამოკიდებული. ხშირად ისინი ღარიბი ფენიდან მოდიან, დასაკარგი არაფერი აქვთ და ნარკოტიკში გასაქცევ გზას პოულობენ. მაღალი კლასის წარმომადგენლები, ვისაც კარიერა აქვს, ოჯახი და ა.შ. თითქმის არ ეკარებიან მძიმე ნარკოტიკებს.

ჩემი გადმოსახედიდან რასაც ვხედავ, ახალგაზრდობამ ბევრი ალტერნატივა იპოვა დროის გასაყვანად. ბევრი სიგარეტს ანებებს თავს, სასმელსაც, სპორტულ დარბაზში იწყებენ სიარულს. თუმცა ნარკოპოლიტიკის დამსახურებად ეს არ მიმაჩნია, ეს უფრო ქვეყნის ზოგადი განვითარების ნაყოფია.

ნარკოტიკების კლასებად დაყოფა არ ხდება. იმ ხალხისთვის, ვინც 90-იან წლებში ცხოვრობდა, ცოტა რთულია იმის დაჯერება, რომ ყველა, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს მხედრიონის წევრი არ არის, სადარბაზოში შავი სათვალით არ ზის და ხალხს არ ატერორებს. ეს შეიძლება ძალიანაც წარმატებული და მეგობრული ადამიანი იყოს, რომელიც დროდადრო, განტვირთვის მიზნით, მოიხმარს რაიმე სუსტ ნარკოტიკს და ეს არც მის ოჯახზე მოქმედებს, არც სამსახურზე.

დღევანდელ განათლების სისტემაში ძალიან ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებასა და მოხმარების რისკებზე ბავშვებსა და მოზარდებთან  საუბარი მშობლების პასუხისგებლობად მიმაჩნია. სკოლა ამ საკითხს ძალიან ზოგადად და არაეფექტურად გადის.

მაგრამ მთავრობა და საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც ბნელი 90-იანები გამოიარა, სხვანაირად ხედავს ნარკომომხმარებელს“.

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი