საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია „ოცნების“ ნარკოპოლიტიკის გამამკაცრებელ ცვლილებებს აფასებს დესტრუქციულად, საბჭოთა სადამსჯელო ნარკოპოლიტიკასთან დაბრუნების საფრთხედ და კატასტროფული შედეგების მომტანად. შესაბამისად, ასოციაცია სთხოვს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ შეაჩერონ რეფორმა.
იმ ფონზე, რომ ცვლილებების ინიციატორები ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას ხსნიან „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მძიმე შედეგებით”, ასოციაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სინამდვილეში, საქართველოს ნარკოპოლიტიკა არასდროს ყოფილა ლიბერალური. საქართველოს ნარკოპოლიტიკა, საბჭოთა ინერციით, ტრადიციულად იყო და არის დამსჯელობითი.
სფეროს ექსპერტების თქმით, ქვეყანაში არსებული რთული ნარკოვითარების მიზეზებია:
- წამალდამოკიდებულებისა და თამაშდამოკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციისა და მტკიცებულებითი პრევენციის არასაკმარისად განვითარებული და ფინანსურად ხელმიუწვდომელი შესაძლებლობები;
- დეპრესიის, შფოთვითი აშლილობების, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა გავრცელებული პრობლემების სამკურნალო და პრევენციული უფასო სერვისების არარსებობა. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი პრობლემები ერთ-ერთი წამყვანი რისკფაქტორია ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაში;
- სიღარიბის (დამოკიდებულების რისკფაქტორი) გამო მიუწვდომლობა ცხოვრების ჯანსაღ წესზე, რაც დამოკიდებულების თავიდან აცილების დაცვითი ფაქტორია;
- უმუშევრობის გამო ემიგრაციაში წასული მშობლების ფონზე, ბავშვების დისფუნქციურ ოჯახურ გარემოში გაზრდა, რაც ასევე არის დამოკიდებულების რისკფაქტორი;
„სწორედ ამის გამოა ჩვენს ქვეყანაში არასაკმარისად კარგი ნარკოვითარება, და არა „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის” გამო, რომელსაც ადგილი ჩვენს ქვეყანაში არასდროს ჰქონია. ინიციირებული რეფორმა არ ითვალისწინებს სამეცნიერო მტკიცებულებას, არ ემყარება პროფესიულ ცოდნას, ინიციირებულია არა პროფესიულ თემთან თანამშრომლობითა და პროფესიული ცოდნის გათვალისწინებით, არამედ პოლიტიკოსების მიერ, ვისაც არა აქვთ და არც მოეთხოვებათ, რომ ჰქონდეთ სათანადო მომზადება, რათა ნარკოპოლიტიკა დაგეგმონ“, — წერს ასოციაცია.
ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ ანტინარკოტიკული და ცხოვრების ჯანსაღი წესის კამპანიები, რაშიც ხედავენ გამოსავალს შესაბამისი ცოდნის არმქონე საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები, არაეფექტურია და მეტიც, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა უკუეფექტი ჰქონდეს, რასაც სამეცნიერო მტკიცებულებები მოწმობს.
„რეფორმის ავტორები მკურნალობის თვალსაზრისით გამოსავალს მკურნალობის იძულებაში ხედავენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინიციატივა ეფუძნება მოძველებულ და მახინჯ პრაქტიკებს, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიიდან მოდის, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და თანამედროვე სამედიცინო ეთიკას. ასეთი მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახელმწიფო კვლავ ხელს უწყობს სტიგმის გაღრმავებას და არა ზიანის შემცირებას. სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, ეფექტური და მდგრადი შედეგის მისაღწევად მკურნალობა უნდა იყოს დაფუძნებული პაციენტის ნებაზე, ნდობასა და მოტივაციაზე, და არა კონტროლსა და რეპრესიაზე“, — ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
ეფექტური ნარკოპოლიტიკა პრევენციასა და ზრუნვაზე ორიენტირებულ მიდგომებს გულისხმობს. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არაეფექტურია. ხშირად გულისხმობს ნარკოტიკების მოხმარების გადასვლას მიწისქვეშა სივრცეში, რასაც უფრო მძიმე შედეგები მოსდევს. ამას მოწმობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და სამეცნიერო მტკიცებულებები.
„ეფექტური ნარკოპოლიტიკა ემყარება შემდეგ ოთხ კომპონენტს: მტკიცებულებითი პრევენცია (და არა არამტკიცებულებითი ანტინარკოტიკული კამპანიები), ხარისხიანი და ფინანსურად, გეოგრაფიულად და ასაკობრივად ხელმისაწვდომი მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და მოწოდების შემცირება. ეს ოთხი მიმართულება უნდა იყოს ურთიერთშემავსებელი და დაბალანსებული“, — ნათქვამია ასოციაციის წერილში.
ასოციაცია განმარტავს, რომ ამ ოთხ კომპონენტს შორის რომელიმეს არარსებობა და დისბალანსი დადებით შედეგს ვერ გამოიღებს. მაგალითად, ეფექტური ვერ იქნება მხოლოდ მოწოდების შემცირება და მკურნალობის იძულება.
„რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სავალალო შედეგების თვალსაჩინო მაგალითია რუსეთი, სადაც როგორც წამალდამოკიდებულების, ასევე აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში – სწორედ დამსჯელობითი ნარკოპოლიტიკის გამო.
ქვეყნებმა, რომლებმაც ნარკოპოლიტიკა ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების პრინციპებზე გადააწყვეს, გაცილებით უკეთეს შედეგებს მიაღწიეს, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ისე ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის შემცირების თვალსაზრისით“, — ამბობენ ასოციაციაში.
„ოცნების“ ახალი კანონმდებლობით, პირს არ აქვს უფლება, რომ უარი განაცხადოს ქუჩის ნარკოტესტირებაზე. ასოციაცია ამასთან დაკავშირებითაც აკეთებს განმარტებას და აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის დაკანონების საფუძველია, ადამიანებზე კონტროლის გამკაცრების, დასჯის, დამორჩილების ინსტრუმენტი და არა პრობლემის მოგვარებაზე მიმართული ზომა. ექსპერტები შენიშნავენ ასევე, რომ ქუჩის ნარკოტესტირებების სიხშირე საარჩევნო ციკლს მიჰყვება. წინასაარჩევნოდ ის მცირდება, ხოლო არჩევნების შემდგომ მნიშვნელოვნად იზრდება.
„საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ოფიციალურად მიღებულ და ძალაში მყოფ ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021–2026 წლების ეროვნულ სტრატეგიას და ნარკოპოლიტიკის 2023–2030 წლების ეროვნულ სტრატეგიას. ორივე სტრატეგიული დოკუმენტი ხაზს უსვამს ზრუნვაზე, ადამიანის უფლებებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, მაშინ როცა შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები გადახრილია ამ მიმართულებებისგან და უბრუნდება რეპრესიულ და არაეფექტურ პრაქტიკებს.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, ჩვენი პროფესიული საზოგადოების სახელით, მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ შეაჩერონ დაგეგმილი დესტრუქციული რეფორმა, რათა არ დაგვაბრუნონ საბჭოთა დამსჯელობით კორუმპირებულ ნარკოპოლიტიკის ნიშნულთან და თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი კატასტროფული შედეგები საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით“, — ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
წაიკითხეთ ასევე: