ახალი ამბები

მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე აგარაკის ეპიზოდზე მტკიცებულებებს განიხილავენ

15 იანვარი, 2014 • • 1037
მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე აგარაკის ეპიზოდზე მტკიცებულებებს განიხილავენ

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის იმ მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება, რომლებიც მათ წინა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინეს. როგორც პროკურორი ნათია სონღულაშვილი ამბობს, გამოკვლეული იქნება დასაქმებისა და აგარაკის ეპიზოდზე წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

“ბრალდების მხარე აპირებს მოისმინოს წინა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა, როგორც დასაქმების, ასევე, აგარაკის ეპიზოდის ის დოკუმენტაცია და ის საპროცესო მასალები, რომლებიც გამოცემულია დანაშაულის ჩადენისას როგორც მთავრობის, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებულის მუშაობის დროს გამოცემული დოკუმენტაცია”,- თქვა სონღულაშვილმა.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას მალე გაათავისუფლებენ. 

 

“ძალიან სამწუხაროა, რომ სუბარი აღმოჩნდა ღარიბაშვილი-ფარცხალაძის დანაშაულებრივი სქემის ნაწილი. მას მოხსნა ემუქრება იმ მდგომარეობის გამო, რაც პენიტენციალურ სისტემაშია. ახლა ყველაფერს აკეთებს და სრულ ლოიალობას იჩენს ღარიბაშვილის მიმართ, რომ არ მოხსნან. სამწუხაროა, რომ ის ამ სქემის ნაწილია,”- განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

 

მერაბშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ სუბარის განცხადება იმის თაობაზე, რომ კადრები, რომელის გასაჯაროებასაც მერაბიშვილი ითხოვს, აღარ არსებობს, დანაშაულის დაფარვას ცდილობს. 

 

“გუშინ სუბარმა გააკეთა განცხადება, რომ კადრები წაშლილია და ის არ ინახება 24 საათზე მეტ ხანს. აქ გვახსენდება სუბარის ის განცხადება, რომ კადრები ინახება 10 დღე. ახალაიას შემთხვევაში 10 დღე შეინახეს კადრები, მერაბიშვილის შემთხვევაში- 24 საათი. ეს არის აშკარა დაფარვა იმ დანაშაულის, რომელიც მერაბიშვლის მიმართ განხორციელდა”,- ამბობს მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი. 

 

სასამართლო პროცესი 12 საათზე დაიწყო და მას ვანო მერაბიშვილი არ ესწრება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი