ახალი ამბები

გაბაშვილი: სუბარმა დიდი ალბათობით მონაწილეობა მიიღო მტკიცებულებათა განადგურებაში

15 იანვარი, 2014 • • 1042
გაბაშვილი: სუბარმა დიდი ალბათობით მონაწილეობა მიიღო მტკიცებულებათა განადგურებაში

“საქართველოს მთავრობას ერთი თვე დაჭირდა იმის სათქმელად, რომ ვიდეოჩანაწერები, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ხდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის გატაცება საკნიდან, არ არსებობს, რადგან მათი ცინიკური მტკიცებით #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განლაგებული კამერების ჩანაწერები თურმე იშლება 24 საათის განმავლობაში.

 

სულ ცოტა ხნის წინ სოზარ სუბარი ამტკიცებდა, რომ ჩანაწერები 10 დღის განმავლობაში ინახება. როგორც ჩანს, ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ყოყმანი, მომხდარიყო მტკიცებულებათა ფაბრიკაცია და დამონტაჟება, თუ პირდაპირ გაცხადებულიყო, რომ შესაბამისი ჩანაწერი არ არსებობს”, – განაცხადა გაბაშვილმა.

 

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროში დიდი ხნის წინ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი ჩანაწერები ინახება ერთი თვის განმავლობაში. 

 

გაბაშვილის თქმით, დასტურდება, რომ “დანაშაულებრივ ქმედებას  ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ნამდვილად ჰქონდა ადგილი”:

 

“პირადად სოზარ სუბარმა და სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა ამით ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაული – მტკიცებულებათა განადგურება”, – აცხადებს გოკა გაბაშვილი.

 

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ეს საქმე გამოიძიოს საპარლამენტო კომისიამ. მისი თქმით, აუცილებად უნდა დადგეს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და ასევე, თანამდებობა უნდა დატოვოს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელმაც, როგორ გაბაშვილის ამბობს, “დიდი ალბათობით მონაწილეობა მიიღო მტკიცებულებათა განადგურებაში.”

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ღამის საათებში მალულად გაიყვანეს საკნიდან, რის შემდეგაც მას შეხვდა მაშინდელი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასზე განახორციელა ზეწოლა, რათა ეთანამშრომლა ზურაბ ჟვანიას საქმესა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებულ საკითხებზე.


გუშინ სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ვიდეოჩანაწერების ნაწილი წაშლილია, ნაწილის დამუშავების შედეგად კი არ დასტურდება მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ცნობა მისი საკნიდან გაყვანის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი