ახალი ამბებისამართალი

ადვოკატის თქმით, მარნეულის მერი გაუპატიურებითაც დაემუქრა მოქალაქეს

13 ივნისი, 2018 • 2664
ადვოკატის თქმით, მარნეულის მერი გაუპატიურებითაც დაემუქრა მოქალაქეს

ადვოკატის თქმით, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი, რომელიც დღეს დააკავეს,  მოქალაქეს გაუპატიურებითაც დაემუქრა.

ამის შესახებ ადვოკატმა  ეკატერინე მიდოდაშვილმა 13 ივნისს, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა რომ გაუპატიურების მუქარის  და შარდის სახეზე წასმის გარდა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

ადვოკატის თქმით, მოქალაქე უკვე ცნეს დაზარალებულად.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალი ედება დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში. მერის დაკავება მოჰყვა სტუდია “მონიტორის” 12 ივნისს გაავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახეზე შარდის წასმა აიძულეს.

გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, შეგინების ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში სხვამ ატვირთა. მოგვიანებით, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული კაცი გინებისთვის. ასევე, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან- “შენ ღირსება არ გაქვს”.


პროკურატურის ცნობით, მარნეულელი მოქალაქის ცემაში საქართველოს პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვია ბრალდებული.

ამავე საქმეში მოქალაქის ცემაში ბრალდებული არიან მარნეულის დეპუტატი რამინ ალახვერდიევი და მარნეულის მერის ნათესავი ე. გ.

მასალების გადაბეჭდვის წესი