პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი მერაბ გოცირიძე ამბობს, რომ ჰაკერებმა მთელი ფაილური სისტემა წაშალეს:
“სამწუხაროდ, ეს არ იყო ჰაკერული შემოტევა, ეს იყო ბანდიტური შემოტევა. შემოვიდნენ და მთელი ფაილური სისტემეა წაგვიშლეს. ფაქტობრივად აღვადგინეთ, ვებ–გვერდს დაახლოებით საათნახევარში გავუშვებთ. შეიძლება რამდენიმე სურათი და გარკვეული ინფორმაცია ვერ აღვადგინოთ, კვირადღეა. სხვადასხვა დეპარტამენტები დებენ ახლა. ჩვენი დეპარტამენტი ძირითადად კანონებს დებს. მთავარია, რომ ძირითადი ნაწილი, 99.9% აღდგენილია”.– განაცხადა მან.
მისივე თქმით, ჯერჯერობით დადგენილი არ არის საიდან, განხორციელდა შეტევა. ასევე დადგენეილი არ არის, 31 დეკემბერს მომხდარი ჰაკერული თავდასხმა საიდან მოხდა. პარლამენტის ვებ–გევრდი ბოლო ორი დღეა გათიშულია.
“საკმაოდ ძნელია “დაჭერა”, საიდან არის შემოტევა, ძირითადად შემოდიან სხვა ქვეყნების სერვერებიდან, ასევე შეიძლება საქართველოდან იყოს შემოტევა”.
წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ჰაკერებს შეტყობინება არ დაუტოვებიათ. გოცირიძე ამბობს, რომ მათ მთლიანად წაშალეს ვებ–გვერდი, როცა 31 დეკემბერს მომხდარი თავდასხმის დროს ჰაკერებს ბაზებისთვის ხელი არ უხლიათ და მხოლოდ პირველი გვერდი შეცვალეს.
მერაბ გოცირიძე ამბობს, რომ პარლამენტის ვებ–გვერდი სათანადოდ დაცული არ არის, მისი შეფასებით, ვებ–გვერდის დაცვა მინიმალურია:
“შეგიძლიათ ჩათალოთ, რომ არც არის ვებ–გვერდი დაცული. ორ კვირაში გვექნება ახალი, რომელსაც ასე თუ ისე დაცვები ექნება, მაგრამ არც ის არ იქნება სანდო, სანამ სპეციალურ სოფთვეარს არ ვიყიდით. ქსელი დაცულია, მაგრამ თავად საიტი არის გაკეთებული ძალიან დაბალი დონის “კონტროლ პანელზე” და მისის გატეხვა ძალიან იოლია. უსაფრთხოების გაძლიერებაზე დიდი ხანია მიდის მსჯელობა, სამთავრობო სტრუქტურაა, ტენდერია [საჭირო], საუბარი დავიწყეთ, გვინდა რაღაც შევარჩიოთ და ზუსტად მაშინ მოხდა ეს შეტევები”.
