ახალი ამბები

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე განმარტავს, როგორ იქმნება პატრიარქის ეპისტოლე

11 იანვარი, 2014 •
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე განმარტავს, როგორ იქმნება  პატრიარქის ეპისტოლე

გიორგი ზვიადაძემ  გადაცემა “მოამბის” ეთერში სტუმრობისას განმარტა, თუ როგორ იწერება პატრიარქის ეპისტოლე და რა ეტაპებს მოიცავს ეს პროცესი:

 

” პატრიარქის ეპისტოლე როცა იწერება, შემდეგი პროცესი ახლავს ამას. მიუხედავად თავისი უდიდესი საღვთისმეტყველო და ზოგადად პატრიარქი არის უაღრესად განათლებული პიროვნება, ესეც, რა თქმა უნდა, სიახლეს არ ვამბობ და მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი. პატრიარქი ეპისტოლის დაწერის წინა პერიოდში ხვდება ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, საერო და სასულიერო პირებს, ექსპერტებს სხვადასხვა დარგში, ესაუბრება მათ, არჩევს საკითხებს, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რა არის აქტუალური. ყველა ეპოქაში ეკლესიის მწემსთავრები, პატრიარქები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების, მიმართავდნენ მრევლს და ითვალისწინებდნენ ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელ გამოწვევებს, თუ რა იყო აქტუალური ამ ეპოქაში. პატრიარქი ესაუბრება ყველას, სასულიერო, საერო პირებს, ექსპერტებს, მეცნიერებს, ფსიქოლოგებს, ისტორიკოსებს და ყოველთვის არჩევს ამ თემებს. შესაძლებელია პატრიარქმა თხოვოს რომელიმე პიროვნებას, ექიმს, ექსპერტს, რომ მან დაამუშაოს ესა თუ ის კონკრეტული საკითხი, შემდგომ ეს ყველაფერი იკრიბება პატრიარქთან, იგი კითხულობს მას, შეაქვს შენიშვნები, საეკლესიო სწავლების შესაბამისად, ასწორებს ამ ყველაფერს, ამის შემდგომ უკვე იწერება ის ეპისტოლე, რომელსაც ბოლოს კითხულობს ისევ პატრიარქი და კითხულობს არაერთხელ და შემდგომ ის ამ ეპისტოლეთი მიმართავს საზოგადოებას’.

 

გიორგი ზვიადაძეს კონკრეტულად არ დაუსახელებია, თუ ვის ხვდება ილია მეორე კონსულტაციებისთვის და ვინ არიან ის ექსპერტები თუ მეცნიერები, რომლებიც ეპისტოლეზე მუშაობის პროცესში მონაწილეობენ. გიორგი ზვიადაძემ ასევე უპასუხა შეკითხვას ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის გავლენაზე საპატრიარქოში:

 

“ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით ღმერთის და მთელი სამყაროს წინაშე. ქალბატონი შორენა [თეთრუაშვილი], რომელიც გახლავთ პატრიარქის მდივანი–რეფერენტი. მას აქვს უდიდესი დამსახურება საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წინაშე. ამას მე ვაცხადებ მთელი ჩემი პასუხისმგებლობით მთელი ქვეყნის წინაშე. მისი დამსახურება და ერთგულება ძალიან დიდია. ის არის უაღრესად კეთილშობილი და განათლებული ადამიანი და მას აქვს ძალიან დიდი დამსახურება ეკლესიის მიმართ. მიუხედავად მისი ამ დამსახურებისა და მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება თავშეწირულია ეკლესიისთვის, ის ყოველთვის ცდილობს იმას, რომ იმოქმედოს არა თვითნებურად, არა საკუთარი სურვილების მიხედვით, არამედ იმოქმედოს ეკლესიის ინტერესების გათვალისწინების მიხედვით. მე მინდა ჩემი უდიდესი პატივისცემა დავადასტურო მის მიმართ და უდიდესი მადლიერება, რაც მას მიუძღვის ჩვენი ეკლესიის წინაშე. ამასთანავე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მას სხვადასხვა კუთხით იმდენი დამსახურება აქვს, იმდენი სიკეთე აქვს, რომ მისი მოხსენიება უმართებულო კონტექსტში არის უდიდესი ცილისწამება ამ პიროვნების მიმართ და, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის”– განაცხადა მან. 


შეგახსენებთ, რომ ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ყურადღება გაამახვილა ე.წ. პოსტმოდერნისტულ გამოწვევებზე ქრისტიანობისთვის, ოჯახის სიმტკიცეზე, ჰომოსექსუალთა ქორწინებაზე, აბორტებზე, ხელოვნური განაყოფიერებითა და სუროგაციის გზით გაჩენილ ბავშვებზე. მან ასეთი გზით გაჩენილ ბავშვებს “პრობლემურები” უწოდა და განაცხადა, რომ “ოჯახი, რომელშიც სუროგატი დედის გაჩენილი ბავშვი იზრდება, ბედნიერი ვერ იქნება”.


8 იანვარს მოქალაქეთა ნაწილმა ილია მეორის საშობაო ეპისტოლე არაჰუმანური შინაარსის გამო გააპროტესტეს. მოქალაქეების საპატრიარქოსთან აქციას  16.00 საათზე გეგმავდნენ, თუმცა აქციამდე 15 წუთით ადრე იქ  პატრიარქის დასაცავად სხვა მოქალაქეები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს დახვდნენ. პატრიარქის დამცველებისგან წამოსული ძალადობის გამო პოლიციამ 4 პირი დააკავა, რომლებთაგანაც  სამ პირს სასამართლომ 100-100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, მეოთხე პირმა კი სიტყვიერი შენიშვნა მიიღო.



მასალების გადაბეჭდვის წესი