ახალი ამბები

კვიციანი: მინდა შევეხო ე.წ. ქალებზე ძალადობას, რომელიც NGO-ებმა წამოწიეს

13 ივნისი, 2018 • 3101
კვიციანი: მინდა შევეხო ე.წ. ქალებზე ძალადობას, რომელიც NGO-ებმა წამოწიეს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან” მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალები და ბავშვები “ყველაზე საპატიო ადგილზე არიან” და  არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას თავს ახვევენ სისულელეებს, რითაც ოჯახურ კონფლიქტებს აღვივებენ:

“მე მინდა შევეხო ეგრეთ წოდებულ ქალებზე ძალადობას და ბავშვებზე ძალადობას, რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოწიეს წინა პლანზე იმ ქვეყანაში, სადაც სწორედ ქალები და ბავშვები არიან ყველაზე საპატივცემულო ადგილას. თავს გვახვევენ რაღაც სისულელეებს. აღვივებენ ოჯახურ კონფლიქტებს. ლამის 50 პროცენტია უკვე დანგრეული ჩვენს ქვეყანაში ოჯახები” – ამბობს დეპუტატი.


საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ 9 თვეში ფემიციდის 22 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ოჯახში ძალადობის საქმეებზე 2017 წელს, 11 თვის მონაცემების მიხედვით, 1180  ადამიანის წინააღმდეგაა დაწყებული.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარებული კვლევის მიხედვით კი ქალების 26% აცხადებს, რომ განუცდია სექსუალური ძალადობა ან/ და შევიწროება არაპარტნიორის მხრიდან, ბავშვობაში განცდილი სექსუალური ძალადობის ჩათვლით. ამავე კვლევის მიხედვით,  15 ათასამდე ქალს განუცდია ფიზიკური ძალადობა ორსულობისას.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

2017 წელს მოკლული ქალები – სტატისტიკა და ჩავარდნილი კანონპროექტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი