მარიამ კუკუნაშვილი: უშვილობის პრობლემამ სუროგაციის სფეროსთან დამაკავშირა. სანამ ჩემი შვილები გაჩნდებოდნენ, მანამდე სუროგაციის ცენტრი თბილისში გავხსენი, შემდეგ კიევში, ინდოეთში, ერევანსა და ესტონეთში. დარწმუნებული ვარ, მალე კლინიკებს გავხსნი ამერიკაში, ტაილანდსა და სამხრეთ აფრიკაში.
ვისთვის უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება სუროგატ დედას მიმართოს, ვინც კარგად ინფორმირებულია სუროგაციის შესახებ თუ პირიქით?
თავდაპირველად სუროგატი დედისთვის მიმართვა გამიჭირდა. გამიჭირდა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა დედას უნდა შვილი თვითონ გააჩინოს. როდესაც გადაწყდა, რომ თავად ვერ გავაჩენდი, უპრობლემოდ ავიყვანე სუროგატები…
რამდენიმე სუროგატი დედის აყვანა რამ განაპირობა – ეს პროცესი ყოველთვის შედეგიანად არ სრულდება, თუ ბევრი შვილი გინდოდათ?
თავიდან 3 სუროგატი იყო ორსულად – 6 ბავშვს ველოდებოდით, მაგრამ 4 თვეზე მესამე სუროგატს პრობლემები შეექმნა და ორსულობა შეწყდა… ისე, კიდევ მაქვს გაყინული ემბრიონები – კიდევ ვაპირებ შვილების ყოლას… 5 შვილი მაინც უნდა მყავდეს. 3 შვილი ცოტაა, ჩემი აზრით…
როცა თქვენ დაიწყეთ სუროგაციის შესახებ საუბარი, როგორ უყურებდნენ ამ იდეას საქართველოში?
ალბათ, უფრო ის იყო, რომ ქართული საზოგადოება არის პოსტსაბჭოთა, შავ-თეთრ ფერებში ცხოვრებასაა მიჩვეული… აქედან გამომდინარე, ყოველივე ტაბუირებული, განსხვავებული უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს. ეს იყო სუროგაციის შემთხვევაშიც – სუროგატ დედებს ძირითადად იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ბავშვის გაჩენაში თანხას იღებდნენ… ჩვენი საზოგადოება ხომ ხუთოსანია სხვის კრიტიკაში. თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის პრობლემა ან სირთულე იყო…
როგორი ურთიერთობა გაქვთ სუროგატებთან ახლა, როგორც კი ჩნდება ბავშვი, წყდება კავშირი?
ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ვცდილობ, რითიც შემიძლია დავეხმარო და პატივი ვცე… ძალიან მიყვარს ისინი.
შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი შვილების დაბადების დღე, რა გრძნობა გქონდათ, გინდოდათ თუ არა, მაგალითად, მშობიარობაზე დასწრება?
ჩემი შვილები, სამწუხაროდ, სასწრაფო საკეისრო კვეთით გაჩნდნენ, მე საზღვარგარეთ ვიყავი…. სამწუხაროდ, ვერ დავესწარი, მაგრამ, როგორც გავიგე, მაშინვე გამოვფრინდი.
რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ, სუროგატი დედის დახმარებით რომ გაჩნდნენ?
ჩემს შვილებს, რა თქმა უნდა, ეცოდინებათ, რომ სუროგატმა დედამ გააჩინა. არ მინდა, ჩემი შვილები იყვნენ სწორხაზოვანი აზროვნების ადამიანები. არც ის მინდა, რომ სასათბურე და სტრესისგან სრულიად თავისუფალ გარემოში გაიზარდონ. ისინი პიროვნებებად უნდა ჩამოყალიბდნენ. ამასობაში, ალბათ, ქართული საზოგადოების მენტალიტეტიც შეიცვლება და ერთ მშვენიერ დღეს ნამდვილი დასავლური, ლიბერალურ-პლურალისტული სახელმწიფო გვექნება… მარტო ეკონომიკური განვითარება და სინგაპურიზაცია არ არის საკმარისი.
ჩვენი ქვეყნის მაგალითზე რელიგია აფერხებს სუროგაციის პროცესს?
რელიგიური სტიგმა, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ ეკლესიის აზრიც ორად იყოფა. არიან სასულიერო პირები, რომლებიც უფრო ლიბერალურად უყურებენ გარკვეულ საკითხებს და არიან ისეთებიც, რომლებიც ტიპიური ფაშისტები არიან… არ შეიძლება ადამიანებს რელიგიური დოგმებით მივუდგეთ. ჩვენ ადამიანები ვართ და არა – დოგმებით მართვადი მანქანები. როგორც იტყოდა ჩარლი ჩაპლინი, ცხოვრება გრძნობებია და არა – განმარტებები. მე თავისუფალი ვარ, ჩემი მეგობრებიც თავისუფალი ადამიანები არიან და ასეთები იქნებიან ჩემი შვილებიც… (როდესაც რელიგიის დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებთან მიმართებაში, იგულისხმება არა მხოლოდ მართლმადიდებლობა, არამედ სხვა ყველა დანარჩენი რელიგიაც).
რა იქნებოდა თქვენი რჩევა იმ უშვილო წყვილების მიმართ, რომელთაც ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, სუროგაციის შედეგად იყოლიონ შვილები?
საქართველოში მთავარი დაბრკოლება მაინც ის არის, რომ უშვილო წყვილებს ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ, ვისაც აქვს, მათ არც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. დავიწყე ფიქრი, რომ წელიწადში ერთ გაჭირვებულ ოჯახს მაინც დავეხმარო ფინანსურად, შვილის ყოლაში.