ახალი ამბები

ბოკერია: ფარცხალაძის გადადგომა არ ათავისუფლებს მას ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობისგან

30 დეკემბერი, 2013 •
ბოკერია: ფარცხალაძის გადადგომა არ ათავისუფლებს მას ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობისგან

“მე ვთვლი, რომ მთავარი პროკურორის გადადგომა იყო აბსოლუტურად გარდაუვალი საზოგადოებრივი აზრის, ლეგიტიმური პოლიტიკური წნეხის და მისი სრული და საფუძვლიანი დისკრედიტაციის გამო, მაგრამ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანი არის შემდეგი– მისი გადადგომა მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით, კერძოდ, ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის, ვანო მერაბიშვილი ყაჩაღური, ავაზაკური, ღამით გამოყვანის და ზეწოლის მცდელობის გამო. ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული და ჩვენ უნდა ვიხილოთ ფირი, რომელიც არსებობს და რომელსაც დღემდე არ გვაჩვენებენ. მეორე, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას, პრემიერ–მინისტრს, მთელ მათ გუნდს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ერთი “ფარცხალაძის” მეორე “ფარცხალაძით” ჩანაცვლებით რაიმე შეიცვლება. ეს უნდა იყოს გაკვეთილი მათთვის, რომ უნდა შეცვალონ პოლიტიკა, დაიწყონ ქვეყნის მართვა, ეკონომიკაზე და სამუშაო ადგილებზე ზრუნვა, გაზრდილ კრიმინალთან ბრძოლა და თავი დაანებონ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას. და მესამე, ეს უნდა იყოს გაკვეთილი, რომ შემდეგ ჯერზე, სანამ დაეწყობიან მთელი ვერტიკალი ხელისუფლების, პრემიერ–მინისტრით დაწყებული და ყველა პოლიტიკური ლიდერით დამთავრებული, და გადაეფარებიან ადამიანს, რომელიც შეარჩიეს კლანური მეთოდით, ჯერ უნდა დაფიქრდნენ და შემდეგი გადაწყვეტილებებისას უნდა იხელმძღვანელონ პროფესიონალიზმით და არა ნათესაურ–კლანური ურთიერთობებით”.– განაცხადა ბოკერიამ. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დღეს, 30 დეკემბერს ოთარ ფარცხალაძემ დატოვა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში იყო ნასამართლევი, მოგვიანებით ინფორმაცია პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი