ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეზიდენციის მშენებლობა მას პირადად პატრიარქმა სთხოვა, რისთვისაც შპს “სანის” ანგარიშზე ბიზნესმენები ნებაყოფლობით სწირავდნენ თანხას, თუმცა, როგორც ახალაიას ამბობს, საბოლოოდ მშენებლობა ვერ განხორციელდა და თანხა ისევ კომპანია “სანის” ანგარიშზეა განთავსებული.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს მთავარი პროკურატურა, სადაც ახალაია დაბარებული იყო მოწმის სახით დასაკითხად, თუმცა ეს უკანასკნელი საგამოძიებო ორგანოში არ მივიდა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ როლანდ ახალაიასთან დაახლოებული პირის კუთვნილ შპს „სანის“ ანგარიშზე მნიშვნელოვანი თანხები ჩარიცხული იქნა არანებაყოფლობით, არამედ როლანდ ახალაიას პირადი დაინტერესებით, შპს „სანის“ მიერ სარგებლის მიღების მიზნით, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების წარმომადგენლებთან საპროცესო შეთანხმების მიღწევის სანაცვლოდ, რასაც უშუალოდ როლანდ ახალაია ახორციელებდა. ჩარიცხული თანხები შპს „სანის“ მიერ გახარჯულ იქნა საკუთარი კერძო ინტერესებისთვის და არა საპატრიარქოს რეზიდენციის ასაშენებლად,“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალაია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმის გამოძიება ვალერი იოსავამ დაიწყო, როცა ეს უკანასკნელი სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი იყო. იოსავა ამჟამად აფხაზეთის ა/რ პროკურორად მუშაობს. იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში ადასტურებს, რომ აწარმოებდა ახალაიას საქმის გამოძიებას, რომელიც, მისი თქმით, დასრულებულია:
„მაგრამ მას, როგორც პარლამენტის წევრს, ოლქის პორკურორი ბრალს ვერ წაუყენებს. ამიტომ მას დაიბარებენ მთავარ პროურატურაში, დაკითხავენ, წაუყენებელ ბრალს და საქმე წავა სასამართლოში.“
იოსავას თქმით, ახალაია ცრუობს, როცა ამბობს, რომ ილია მეორისთვის მეგრული ოდის ტიპის რეზიდენციის ასაშენებლად თანხები კომპანია „სანის“ ანგარიშზე ბიზნესმენებმა ნებაყოფლობით გადარიცხეს:
“დაიჭირეს ვინმე ლატარია და უთხრეს, რომ საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ. საპროცესო შეთანხმებისათვის მას 10 ათასი ლარი უნდა შეეტანა სახელმწიფოს ანგარიშზე, ხოლო 90 ლარი – სამშენებლო კომპანია „სანის“ ფონდში. როგორც კი შეიტანა მან „სანის” ანგარიშზე ფული, მეორე დღესვე გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება. ამას ამბობს გამოძიებასთან უშუალოდ ფულის გადამხდელი. ეს დადასტურებულია გამოძიებით, რამოდენიმე კაცის ჩვენებით. „სანის” დირექტორიც ამბობს, რომ ფული ირიცხებიდა კომპანიის ანგარიშზე, მაგრამ ვინ რიცხავდა, არ იცის. გამოძიებამ ისიც დაკითხა.“
ვალერი იოსავას თქმით, საქმეში არის კიდევ ერთი ბიზნესმენის ჩვენება: „იყო ერთი სენაკელი მეწარმე, გვარი არ მახსოვს. მას ფაბრიკა წაართვეს და იგივე უთხრეს – შემოიტანე 30 ათასი და გაგიფორმებთ საპორცესო შეთანხმებასო. შეატანინეს 30 ათასი სახელმწიფოს ანგარიშზე, ხოლო „სანში“ გადაარიცხვინეს 60 ათასი. რა ვიცით, ახლა ეს ფული სად წავიდა?! გამოძიებამ გადაამოწმა, მაგრამ ამას ვერ გაიგებ, რომელი თანხა დაიხარჯა და ვისი შემოტანილია.“
კომპანია „სანის“ დამფუძნებელი სერგო გვარამია “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მის კომპანიაში მართლაც გადაირიცხა თანხები საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობისთვის, თუმცა, მისი თქმით, ჩარიცხვა ნებაყოფლობით ხდებოდა:
„მე ამის შესახებ კომპეტენტურ ორგანოებს მივეცი პასუხი. ასე იყო, ეს რეზიდენცია უნდა აშენებულიყო, მაგრამ რატომღაც არ აშენდა. ეს დღესაც ვალად ადევს კომპანიას. სულ ორად-ორი ჩარიცხვა განხორციელდა ბიზნესმენებისგან.“
სერგო გვარამია ამბობს, რომ მას ზუსტად არ ახსოვს, რომელმა კომპანიებმა რა თანხა ჩარიცხეს ანგარიშზე:
“მე რაში მაინტერესებს ეს. ეტყობა, ვიღაცებმა ჩარიცხეს ქველმოქმედებით. უნდა აშენებულიყო ეს რეზიდენცია. ეს თანხები არის კომპანიის ანგარიშზე და ვალად გვაწევს. ამის გამო შემოწმებები მყავდა. არკვევდნენ. მართლა ირიცხებოდა თუ არა ამ ანგარიშზე თანხა. მთელი წელია მამოწმებენ.“
გვარამიას განცხადებით, მას როლანდ ახალაია სამი წელია არ უნახავს: „არ მაინტერესებს პროკურატურამ რაზე დაიბარა. არც ის ვიცი, თუ რატომ და ვის მიერ გადაწყდა ამ ფულის ჩემი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვა. თავისი ნებით ჩარიცხეს კომპანიებმა.“
პატრიაქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობის შესახებ, რაზეც როლანდ ახალაია საუბრობს: “წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკებით,” – უთხრა “ნეტგაზეთს” მან.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში „ლაივპრესს“ დაუდასტურეს ინფორმაცია ზუგდიდში პატრიარქისთვის რეზიდენციის მშენებლობის გეგმის შესახებ:
„რა თქმა უნდა, იყო საუბარი ამაზე. თავად პატრიარქმა ბრძანა სამეგრელოში სამდღიანი ვიზიტის დროს. მგონი, როლანდ ახალაიას დაავალა. ასე მახსოვს. უნდა აშენებულიყო საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, დასასვენებელი სახლი ანაკლიაში. არ იყო ფული და იმიტომ შეჩერდა მისი განხორციელება“, – უთხრა “ლაიპრესს” მონაზონმა ნანამ, თუმცა მან ამ საკითხზე “ნეტგაზეთთან” საუბარი აღარ ისურვა.
როლანდ ახალაია აცხადებს, რომ 2009 წელს სამეგრელოს ეწვია საქართველოს პატრიარქი:
“მისი სამეგრელოში მობრძანებისას საზოგადოების მოთხოვნით გადაწყდა, რომ ზუგდიდში უნდა აშენებულიყო საპატრიარქოს რეზიდენცია. უწმინდესმა მთხოვა, რომ მეხელმძღვანელა საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობისთვის. პატრიარქის მითითებით საპატრიარქოს არქიტექტორის მიერ დაიწყო პროექტის მომზადება. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმესთან ერთად ანაკლიის სანაპიროზე შეირჩა ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო საპატრიარქოსთვის მეგრული ყაიდის ოდა. ამ პერიოდში ანაკლიაში მომუშავე შ.პ.ს. „სანის“ ანგარიშზე სამეგრელოში მოღვაწე ბიზნესმენებმა ნებაყოფლობით, კანონიერად ჩარიცხეს თანხები. თვით “სანის” ხელმძღვანელობაც გამოთქვამდა მზადყოფნას თავისი სახსრებით მონაწილეობა მიეღო ამ მშენებლობაში. ვინაიდან ანაკლიაში შერჩეულ ადგილზე ვერ მოხერხდა მიწის ნაკვეთის გამოყოფა, პროექტი შეჩერდა, ხოლო შენატანი თანხა არ გახარჯულა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მითითებული თანხა ისევ დღემდე ირიცხება შ.პ.ს. “სანის” ანგარიშზე.“
2009 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა როლანდ ახალაია წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.
