ახალი ამბებიკომენტარი

ზრუნვა დასჯის ნაცვლად – „ციხეში გამოკეტვით მომხმარებელი ნარკოტიკს ვერ გადაეჩვევა“

5 ივნისი, 2018 • 2301
ზრუნვა დასჯის ნაცვლად – „ციხეში გამოკეტვით მომხმარებელი ნარკოტიკს ვერ გადაეჩვევა“

 რუსუდან გოცირიძე, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი:

„ნარკომომხმარებლების სასჯელი რომ მკვლელობისა და გაუპატიურების სასჯელს შევადაროთ, სრულიად არალოგიკურ რამეს მივიღებთ. ჩვენი კანონები ყოველგვარ კანონზომიერებას სცდება.

ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაციისა და პრევენციისთვის სახელმწიფო ბევრ რესურსს უნდა ხარჯავდეს. განათლების ხარისხის გაუმჯობესება და რესოციალიზაცია უნდა იყოს მთავარი მიმართულებები და არა ციხეში გამოკეტვა, მკაცრად დასჯა.

სადამსჯელო ოპერაციებით არაფერი გვარდება და მით უმეტეს, ნარკომომხმარებელთა პრობლემები.

ციხეში გამოკეტვა არ არის იმის გარანტი, რომ მომხმარებელი ნარკოტიკებს გადაეჩვევა, პატიმრობა სამკურნალო პერიოდის ტოლფასი არ არის, პირიქით: ზოგადად, დამოკიდებულება ძალიან რთული მოვლენაა, გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა, ამ დროს ფსიქოლოგის ჩარევაც გარდაუვალია. რეაბილიტაციის პროცესი რეალურად საკმაოდ რთულია და დიდი ძალისხმევა სჭირდება, სახელმწიფოს კი მარტივად, ციხეში გამოკეტვით სურს პრობლემის გადაჭრა. მიიჩნევა, რომ გისოსებს მიღმა მომხმარებელი ნარკოტიკს დაივიწყებს და ყველაფერი გადაუვლის. ამიტომაც გვაქვს ასეთი მაჩვენებელი.

სახელმწიფომ თუ არ შეცვალა მკაცრი კანონები ჰუმანური ნარკოპოლიტიკით, მოქალაქეების მცირე ინიციატივები ბევრს ვერაფერს შეცვლის. ძირეული ცვლილებებისთვის მთავარი ბერკეტი აქვს სახელმწიფოს.

ნარკოტიკს ადამიანები ძირითადად ეტანებიან მაშინ, როცა რეალობისგან გაქცევა სურთ. ჰოლანდიაში, სადაც ძალიან ჰუმანურია ნარკოპოლიტიკა, ადგილობრივები თითქმის არ მოიხმარენ ნარკოტიკს და ძირითადად ტურისტებისთვისაა ამ მხრივ ეს ქვეყანა საინტერესო.

ქუჩის ნარკოტესტირება, ადამიანების შანტაჟი, შიშის დათესვა – ეს მარტივი და არაეფექტური მეთოდებია, რომლებითაც სახელმწიფოს აქვს ილუზია, რომ პრობლემას აგვარებს. როგორც ჰარი პოტერში დამბლდორი ამბობს, პრობლემების გადასაჭრელად არსებობს ორგვარი გზა: მარტივი და სწორი. ამ ორს შორის სახელმწიფო ირჩევს მარტივ გზას, რადგან სწორი გზა ბევრად უფრო რთულად სავალია.

იმდენად დიდი ტრავმები აქვს მიღებული ჩემს თაობას ნარკოტიკებისგან, რომ გარდაუვალია უფრო სერიოზულად არ დაფიქრდეს სახელმწიფო ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შემუშავებაზე. ქმედითი და ღირებული ნაბიჯების გადადგმის დროა.“

 

 

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი