ახალი ამბებისამართალი

ადეიშვილი: ჩვენი დიდი შეცდომა იყო მარიხუანის ფლობისთვის ადამიანების დაჭერა

1 აგვისტო, 2019 • 3236
ადეიშვილი: ჩვენი დიდი შეცდომა იყო მარიხუანის ფლობისთვის ადამიანების დაჭერა

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი აცხადებს, რომ არ იყო ნორმალური და დიდი შეცდომა დაუშვეს ყოფილი ხელისუფლების დროს, როცა ადამიანების მარიხუანის მოხმარებისა და ფლობის გამო ციხეში უშვებდნენ.

ნიკა გვარამიას კითხვაზე, რატომ იჯდა ციხეში მარიხუანის მოწევის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში, ზურაბ ადეიშვილი პასუხობს:

არა. არ იყო ნორმალური. ეს იყო დიდი შეცდომა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მერე შეიცვალა საერთაშორისო პრაქტიკაც. ჩვენ არ გვეყო იმდენი გამოცდილება, რომ სწრაფად დაგვეწყო [ნარკოპოლიტიკის] ლიბერალიზაცია”.

გვარამიას კითხვაზე, როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა და რას გააკეთებდა დღეს ამ მიმართულებით, ადეიშვილი პასუხობს:

დღეს ძალიან ადვილია ამის თქმა და მარტივი ჭეშმარიტებაა – რა თქმა უნდა, მოხმარებაზე სრული დეკრიმინალიზაცია და მოქმედი კანონმდებლობით ისედაც არ ისჯება მომხმარებელი, მაგრამ შენახვისთვისაც არ უნდა ისჯებოდეს ადამიანი, თუ მარიხუანა მას პირადი მოხმარებისთვის აქვს”.

იუსტიციის ყოფილი მინისტრის აზრით, სახელმწიფოს პრობლემა უნდა იყოს იმის დამტკიცება, რომ ადამიანი ნარკოტიკს ყიდის, ხოლო სხვა შემთხვევაში არ უნდა დაისაჯონ მოქალაქეები ფლობისთვის.

ზურაბ ადეიშვილმა ისაუბრა მიზეზზე, რის გამოც არ ცვლიდა ყოფილი ხელისუფლება პრაქტიკას:

იმის გამო, რომ საქართველოში არ გვქონდა სერიოზული ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც დაამუშავებდნენ და მოგცემდნენ ამ საკითხის ანალიზს, ჩვენ ვუყურებდით საერთაშორისო პრაქტიკას. ჩვენ ვუყურებდით, მაგალითად, როგორ იქცეოდნენ სამსართალდამცველი ორგანოები ამერიკასა და ევროპაში. არც ამერიკაში და არც ევროპაში, გარდა რამდენიმე ექსპერიმენტისა, ეს ასე არ იყო”.

როგორც ადეიშვილი აცხადებს, დღეს ეს ექსპერიმენტი აღარ არის განვითარებულ ქვეყნებში და ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

ნარკოპოლიტიკაზე საუბრის ბოლოს ზურაბ ადეიშვილმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვეს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშრებით.

ნიკა გვარამია: მთავარი პრობლემა, რაზეც ახლა ლაპარაკობენ, მათ შორის, შენს ნაწილშიც, ამდენი ადამიანი რომ იჯდა ციხეში, მე მგონი, ძირითადად ნარკოტიკების მომხმარებელთა ხარჯზე იყო პრობაციონერთა რიცხვის სიდიდე, არა?

ზურაბ ადეიშვილი: დაახლოებით 30% იყო ნარკოტიკული დანაშაულისთვის.

ნიკა გვარამია: ეს რომ არ ყოფილიყო, ეს არგუმენტებიც ხომ არ იარსებებდა 26 000 ვაჟკაცზე და 300 000 პრობაციონერზე?…

ზურაბ ადეიშვილი: კი, გეთანხმები. კიდევ ერთხელ ვამბობ – ის არგუმენტები, რაც მაშინ იყო, დღეს უკვე მოძველებულია, უადგილოა და ნარკოპოლიტიკა მთლიანად უნდა შეიცვალოს. ჩვენც უნდა შეგვეცვალა და შეცდომა დავუშვით, რომ არ შევცვალეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი