ახალი ამბები

პროკურატურა: დახურულ პროცესზე მოწმემ დაადასტურა მერაბიშვილის მიერ აგარაკის მითვისების ფაქტი

26 დეკემბერი, 2013 •
პროკურატურა: დახურულ პროცესზე მოწმემ დაადასტურა მერაბიშვილის მიერ აგარაკის მითვისების ფაქტი

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პატარიძემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ივანე მერაბიშვილისთვის ბრალად შერაცხული ფაქტობრივი გარემოებები და აჩვენა, რომ 2009 წლის მაისში მინისტრ ივანე მერაბიშვილის დავალებით დაიკავა კვარიათში მდებარე კერძო საკუთრებაში არსებული აგარაკი. ივანე მერაბიშვილის დავალებითვე მოძებნა აგარაკის მოსავლელად ორი სანდო პირი და მუდმივი მეთვალყურეობის განსახორციელებლად აგარაკს დასაცავად მიუჩინა ორი პოლიციის თანამშრომელი. 

 

პროკურატურის ცნობით, ამ ფაქტიდან დაახლოებით 2 კვირაში აგარაკი პირადად მოინახულა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, რომლის მითითებითაც სახელმწიფო, კერძოდ კი, შსს აჭარის სამმართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა ხსენებული აგარაკის რემონტი,  სადაც  მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია კედლის ფერისა და ინტერიერის შერჩევაში უშუალოდ იყო ჩართული  და სწორედ მისი გემოვნებით განხორციელდა აგარაკზე სარემონტო სამუშაოები. 

 

პროკურატურის ინფორმაციით, მოწმემ მიცემულ ჩვენებაში ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომ წლების განმავლობაში აგარაკზე ისვენებდნენ როგორც მინისტრი, აგრეთვე, მისი მეუღლე თაკო სალაყაია, შვილები და მისი ნათესავები. ამასთან, მოწმემ დაადასტურა ფაქტი, რომ ივანე მერაბიშვილმა იცოდა, რომ აგარაკი არ იყო კონსპირაციული და იგი არ იყო აყვანილი შსს-ს ბალანსზე.

 

“აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოწმე თეიმურაზ პატარიძის დახურულ სასამართლო სხდომაზე დაკითხვა დაცვის მხარემ მოითხოვა და სასამართლომ დააკმაყოფილა ჯერ კიდევ 2013 წლის 07 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე. ბრალდებას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის რეალური მოტივი პროცესის დახურვასთან დაკავშირებით იყო ის გარემოება, რომ საზოგადოებას პირველწყაროდან არ გაეგო ივანე მერაბიშვილის მიერ  პირადი მოტივებით ფიზიკური პირის საკუთრების  აშკარა ხელყოფის ფაქტი”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი