ახალი ამბებიკომენტარი

ლია უკლება: „დეკრიმინალიზაციის პროცესი შეგნებულად იწელება“

4 ივნისი, 2018 • 1840
ლია უკლება: „დეკრიმინალიზაციის პროცესი შეგნებულად იწელება“

ლია უკლება, მხატვარი

ახალგაზრდას, განსაკუთრებით თინეიჯერულ ასაკში, აქვს თვითდამკვიდრების ძლიერი მოთხოვნილება, შესაბამისად, ეძალება ისეთ ქმედებებს, რასაც უკრძალავს მშობელი, სკოლა, სახელმწიფო. აკრძალული ქმედება მათთვის ნიშნავს გაბედულებას, „კაი ტიპობას“, მერე კი ხდებიან დამოკიდებული. ჩემი აზრით, პირველი მიზეზი პრობლემური მოხმარებისა ეს არის.

ციხე არ არის გამოსავალი ნარკოდამოკიდებულისთვის. ნარკოტიკების მომხმარებელს სჭირდება ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება, ინტეგრაცია და არა იზოლაცია და კრიმინალის სტატუსი.

ახალგაზრდებს აუცილებლად სჭირდებათ ინფორმაცია.  დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალგაზრდა სწორედ ინფორმაციის ნაკლებობას შეეწირა.

მე ველაპარაკები ჩემს შვილს, ვიცი, რომ 16 წლის მოზარდი ამ თემას ვერ ასცდება, მინდა იცოდეს  ნებისმიერი ნარკოტიკის შესახებ, იცოდეს, რა რისკებს შეიცავს მისი მოხმარება, რა ფიზიოლოგიურ თუ ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს. აუცილებელია მივაწოდოთ ინფორმაცია დელიკატურად და არა აკრძალვების და თითის ქნევის ფონზე. დარწმუნებული ვარ, ასეთი მიდგომა გაცილებით კარგ შედეგებს მოგვცემს, ვიდრე სირაქლემას პოზაში ყოფნა.

მრჩება განცდა, რომ ხელისუფლება არის ან უკიდურესად უმეცარი, ან უკიდურესად ბოროტი. დეკრიმინალიზაციის პროცესი შეგნებულად იწელება, ვინაიდან არაპოპულარულია მეინსტრიმში და ეს არჩევნებში ელექტორატის დაკარგვას ნიშნავს. შედეგად, ზარალდებიან ჩვენი შვილები.

_______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი