ახალი ამბები

მერაბიშვილის ადვოკატები: პროკურატურა დიმიტრი შაშკინზე ზეწოლას ახდენს

24 დეკემბერი, 2013 • • 1376
მერაბიშვილის ადვოკატები: პროკურატურა დიმიტრი შაშკინზე ზეწოლას ახდენს

ვანო მერაბიშვილის სასამართლო სხდომის მსვლელობისას დაცვის მხარის ადვოკატებმა მოსამართლეს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც დაცვის მხარის მოწმეა, პროკურატურაში დაიბარეს, რაც მათი აზრით შაშკინზე ზეწოლის მცდელობაა.

 

„ბატონი დიმა დაკითხეს დღეს ზუსტად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 26 მაისის ფაქტთან დაკავშირებით. შაშკინი გახლავთ დაცვის მომწე დღევანდელ საქმეში. ეს არის ერთი მიმართულება პროკურატურის მხრიდან, რომ მათ დაიწყეს იმ ადამიანებზე ზეწოლა, იმ ფორმით, როდესაც მიჰყავთ ეს ადამიანები პროკურატურაში, კითხავენ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც მას უკვე გამოკითხვაში მიცემული აქვს ჩვენება. ბრალდებამ ვერ მოითმინა, სანამ ჩვენ დავკითხავთ ჩვენს მოწმეებს, და გადაწყვიტეს მოახდინონ მათზე ზემოქმედება“,- განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა, ვანო მერაბიშვილის დამცველმა ადვოკატმა.

 

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, დაკითხვაზე დაბარება არ შეიძლება განიხილებოდეს მოწმეზე ზეწოლის მცდელობად.

 

„26 მაისის საქმის გამოძიებაში იკვეთება სხვადასხვა პირის ბრალეულობები, დანაშაულის ჩადენის ფაქტები. მიმდინარეობს გამოძიება სხვა პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით. მოწმის დაბარება გამოძიებაში დაკითხვის მიზნით ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და გაუგებარია რაიმე ზემოქმედებაზე საუბარი,“- განაცხდაა პროკურორმა.

 

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 12 საათზე დაიწყო, სასამართლოს წინაშე ჩვენება მისცა ბრალდების, პროკურატურის მოწმეებმა: მიხეილ ამაშუკელმა, შალვა ღამბაშიძემ, ოთარ თოფურიძემ, ზურაბ მაყიშვილმა, მურმან მზარელუამ, ლაშა კეკელიძემ და ვლადიმერ ბუმბულაშვილმა.

 

„ჩვენ ვნახეთ მოწმეები, ადამიანები, რომლებსაც რაიმე ახალი არაფერი არ უთქვამთ. მოგვიყვნენ ისტორია, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იცის. უბრალოდ, მათ ჩვენებებში ისეთი დაუზუსტებელი მონაკვეთები, რომ თურმე ხელკეტი არავის არ ჰქონია, რომ თურმე არავინ აგრესიით არ გამოირჩეოდა, რომ თურმე მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ადგილას გადავიდოდნენ,“- განაცხადა მერაბიშვილის დამცველმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

 

ბრალდების მხარის, პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, ვანო მერაბიშვილმა დარბაზის დატოვება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას 26 მაისს დაზარალებული მოწმეების ჩვენენების მოსმენა არ სურდა.

 

„ბრალდებულმა ივანე მერაბიშვილმა დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი, ვინაიდან მას არ სურს მოუსმინოს იმ ადამიანებს, რომლებიც აღწერენ იმ ძალადობას, რისი მსხვერპლიც ხალხი გახდა 26 მაისს“,- ამბობს ჯარჯი წიკლაური.

 

შემდეგი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე 30 დეკემბერს, 12 საათზე განახლდება. 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ განახლდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასაქმების პროგრამასა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში, ზღვის პირას მდებარე შპს “საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის” კუთვნილ აგარაკთან დაკავშირებით.

 

გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მან არ იცის, დაესწრება თუ არა პროცესს ვანო მერაბიშვილი.

 

„3969 მოწმიდან ვნახოთ ვის წარადგენენ ეს ბატონები [ბრალდების მხარე]. ჩვენ უკვე 150 მოწმეზე მეტი გვყავს დაკითხული. რაიმე შინაარსობრივი ინფორმაციის მომცემი მოწმე ჩვენ არ დაგვიკითხავს,“- თქვა ჩივიაშვილმა.

 

ადვოკატის თქმით, მერაბიშვილს სურს მისი დამცველები კვლავ ისინი იყვნენ, და იმედი აქვს, რომ მოსამართლე მათ სურვილს დააკამყოფილებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი