ახალი ამბები

პრეზიდენტი ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ – მთავარი სათქმელი ტკივილის გაზიარება იყო

1 ივნისი, 2018 • 1825
პრეზიდენტი ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ – მთავარი სათქმელი ტკივილის გაზიარება იყო

ზაზა სარალიძეს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად ხელისუფლებასთანაც აქვს კონტაქტი. პრეზიდენტის და ზაზა სარალიძის შეხვედრა პარლამენტის წინ გაშლილ ერთ-ერთ კარავში გაიმართა.

“პირველ რიგში, მთავარი სათქმელი ტკივილის გაზიარება იყო, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული. ჩემი მიზანია იმ ადამიანებთან ურთიერთობაც, ვისაც ეს გულისტკივილი აქვს. რათა მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი და ქვეყანა სიმშვიდეში იყოს. ამისთვის კონტაქტი მაქვს ხელისუფლებასთანაც და არ დავიღლები იმისთვის, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, სადაც ექნებათ სამართლიანობის განცდა. ამის მიზნის მიღწევამდე არ გავრჩერდები,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. გარდა ამისა, აქციის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი