ახალი ამბები

შოთაძე დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელობაზე: პროკურატურამ გააკეთა ყველაფერი

31 მაისი, 2018 • 2380
შოთაძე დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელობაზე: პროკურატურამ გააკეთა ყველაფერი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდედ საქართველოს მთავარ პროკურატურაში პრესკონფერენცია გაიმართა.  როგორც მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამბობს, მოკლული დავით სარალიძის მამის და საზოგადოებაში არსებული კითხვის ნიშნების გაფანტვის მიზნით, საქმეში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან, მტკიცებულებებს კი შვეიცარიაში არსებული საექსპერტო დაწესებუელბა ხელახლა შეისწავლის. შოთაძის თქმით, გამოძიების ყველა ეტაპზე ზაზა სარალიძეს მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარი კითხვებით მიმართოს როგორც უცხოელ ექსპერტებს, ასევე, შვეიცარიაში არსებულ საექსპერტო ბიუროს.

“მე მინდა საზოგადოებას  და ბატონ ზაზა სარალიძეს ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ ღია და ჩვენ არაფერს არ ვემალებით. მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას. მე პასუხისმგებელი ვარ თითოეული პროკურორის საქმიანობაზე. თუმცა გამოძიებამ და პროკურატურამ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც სამართლებრივად შესაძლებელი იყო.

ეს სისხლის სამართლის საქმე ეხება არასრულწლოვან ბრალდებულებს, შესაბამისად, კანონით დადგენილია შეზღუდული ვადა, 40-დღიანი ვადა, და ეს გამოძიება მიმდინარეობდა 40 დღის განმავლობაში. ვინაიდან ეს ვადა ვერ გაგრძელდებოდა, ამის შემდეგ საქმე სასამართლოში გაიგზავნა არსებით განხილვისათვის. ჩვენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ველოდებოდით არსებითი განხილვის შედეგებს, თუმცა ეს პროცესი გრძელდება, არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო და სწორედ იმისთვის, რომ სრული მართლმსაჯულების პროცესი აღსრულდეს და საზოგადოებას არ დარჩეს კითხვის ნიშნები”  – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მთავარი პროკურორის თქმით, გამოძიება გაგრძელდება და არ გმაორიცხავს, ხელახლა დაიკითხონ როგორც ბრალდებულები, ასევე სხვა პირები:

“არასრულწლოვანი ბრალდებულების ჩვენებებს რაც შეეხება, ზოგადად, თუ ადამიანს თანამშრომლობა უნდა გამოძიებასთან, ამის შესაძლებლობა არსებობს. დაკავებიდან 6 თვე ისინი დუმილის უფლებას იყენებდნენ, თუმცა, ამ ადამიანებს თუ გულწრფელად უნდოდათ გამოძიებასთან თანამშრომლობა, ამის საშუალება დიდი ხნით ადრე ჰქონდათ და ჩვენც უფრო სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა გვექნებოდა” – თქვა შოთაძემ.

მთავარი პროკურორის თქმით, ბრალდებულებმა ჩვენება მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მისცეს, თუმცა მათ არ უსაუბრიათ იმის შესახებ, თუ ვინ გამოიყენა დანა ხორავაზე მომხდარი ჩხუბის დროს:

“მინდა საზოგადოებამ იცოდეს, მიხედავად იმისა, რომ ამ ბრალდებულების ჩვენების ტირაჟირება ხდება, დანის გამოყენება არ უხსენებიათ. ისინი სრულყოფილად არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ჩვენ აუცილებლად დავკითხავთ ბრალდებულებს და იმედს ვიტოვებ, ისინი რეალურად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და თუ მათ იციან, ვინ გმოაიყენა დანა, ამას იტყვიან” – ამბობს მთავარი პროკურორი.

ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურა მზადაა, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ზაზა სარალიძის ყველა კითხვას უპასუხოს და ყველა ის საგამოძიებო მოქმედება ჩაატაროს, რასაც სარალიძე ითხოვს, მათ შორის მირზა სუბელიანიც დაკითხოს:

“მირზა სუბელიანი დაცვის მხარეს დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი, თუმცა იმდენად არასაჭიროდ მიიჩნიეს მისი დაკითხვა. ეს საზოგადოებამ შეაფასოს, რატომ მიიჩნიეს ასე, არ მოახდინეს მისი დაკითხვა. პროკურატურას რაც შეეხება, ყველა საგამოძიებო მოქმედებას ჩავატარებთ” – ამბობს შოთაძე.

მთავარი პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე საქმეში მტკიცებულების სახით ორი დანა არსებობს. შოთაძე უარყოფს ინფორმაციას იმისე შესახებ, რომ ერთ-ერთი დანა დაზიანებულია:

“შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ერთი დანა, რომელიც დადგენილია, რომ ეკუთვნოდა კონკრეტულ ბრალდებულს და ამ დანაზე ამოსულია როგორც მისი, ასევე მოკლულის სისხლი. ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტით და მოწმის ჩვენებით ამოღებულია გადამალული მეორე იარაღი, რომელიც იყო დანა. ამ დანიდან ასევე ამოსულია ერთ-ერთი ბრალდებულის დნმ და ორივე გარდაცვლილის დნმ. სხვა დანას რაც შეეხება, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, არც ჩვენების სახით და არც მტკიცებულების მხრივ, რომ არსებობდა მესამე დანა.

სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა ჭრილობების ნიშნები, ტექნიკური პარამეტრები. შესაბამისად, თეორიულად, მაგალითისთვის, რადგან ესაა ჩვეულებრივი, წარმოებაში არსებული დანა და არსებობს 12 ჭრილობა. თეორიაში შესაძლებელია მსგავსი დანა სხვასაც ჰქონოდა, მაგრამ მოპოვებული მტკიცებულებებით ეს არ დასტურდება” – ამბობს შოთაძე.

მისი თქმით, რადგან მაინც არსებობს საზოგადოებაში ამ მიმართულებით კითხვები, ამ საკითხსაც უცხოელი ექსპერტები და საექსპერტო ბიურო შეისწავლიან. ასევე, ფარდულიდან ამოღებულ ნივთმტკიცებებსაც, რომელიც შემთხვევის ადგილის შემადგენელი ნაწილი იყო:

“ფარდულთან დაკავშირებით შემიძლია გაგცეთ პასუხი. ფარდული იყო შემთხვევის ადგილის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. შემთხვევის ადგილი დათვალიერებული იყო სრულყოფილად. ამოღებულია ყველა მტკიცებულება, ყველა საექსპერტო ნიმუში, რაც საჭირო იყო საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.

ფარდულის ყველა პარამეტრი  შემთხვევის ადგილის დათვლაიერებისას აღბეჭდილია. მე რაც მოვისმინე, დაცვა აწყდება ერთადერთ სირთულეს ფარდულთან დაკავშირებით, რომ მას აღარ შეუძლია  აღადგინოს მაშინდელი მდგომარეობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად. მე საზოგადოებას მინდა ვუთხრა – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სურათებია გადაღებული ამ ფარდულის, ყველა პარამეტრი დაფიქსირებულია. შესაბამისად, დღესაც შესაძლებელია ამ ფარდულის აღდგენა და ვინმეს თუ უნდა საგამოძოებო ექსპერიმენტის ჩატარება, შეუძლია. ყველა ნიმუში იქიდან ამოღებულია” – ამბობს შოთაძე.

შოთაძემ იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რასაც გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო უწყება აწყდებოდა:

“ასევე მინდა ხაზი გავუსვმა იმ პრობლემატიკას, რასაც ამ საქმის გამოძიებისას წავაწყდით. მე როდესაც ვსაუბრობ ჩემს პასუხისმგებლობაზე, მე ის კარგად მაქვს გააზრებული, თუმცა მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. მე ვგულისხმობ იმას, რომ ეს ინციდენტი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, ხდებოდა დღისით, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. ინციდენტში ათეულობით ახალგაზრდა მონაწილეობდა. დაკითხულია ასი მოწმე.

ასი მოწმიდან 4 მოწმის გარდა არავინ არ აძლევს გამოძიებას ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ გმაოიყენა დანა ამ ინციდენტში. ხაზს ვუსვამ, ამ 4 ადამიანის გარდა არცერთი მოწმე არ საუბრობს დანის არსებობაზე. ისინი არ მიუთითებენ, ვის ეჭირა დანა. ასევე, ამ 100 ადამიანიდან, ვინც გამოძიებამ დაკითხა და შემდგომ ეს ადამიანები სასამართლოშიც წარდგნენ, 14 მოწმე არიან 51-ე სკოლელები. ესენი არიან მოკლულთა მეგობრები და კლასელები – ვერც ერთი მათგანი ვერ აწვდის გამოძიებას ინფორმაციას, ვის ჰქოდნა ან გამოიყენა დანა” – უთხრა შოთაძემ ჟურნალისტებს.

შოთაძე ამბობს, რომ პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავებოდა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, თუმცა დაელოდებიან მოსამართლის დასაბუთებას.

ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად კი, გამორიცხავს თუ არა შოთაძე, რომ მკვლელობაში ბრალდებულების რიცხვი გაიზარდოს, მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ის არაფერს გამორიცხავს. შოთაძე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის მზაობასაც გამოთქვამს.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის დეკემბერში მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი