მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დღეს, 31 მაისს, დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფნგზე თქვა, რომ საქმის გამოძიებაში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან.
როგორც შოთაძემ თქვა, ამის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ “გააქრონ კითხვის ნიშნები” საქმესთან დაკავშირებით.
თუმცა ის უცხოელი პროკურორები, რომლებიც ირაკლი შოთაძემ დაასახელა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ჯერ კიდევ 2014 წლიდან თანამშრომლობდნენ. მაშინ მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი იყო, რომელიც ამბობდა, რომ აღნიშნული პირები საქართველოს პროკურატურას ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაში დაეხმარებოდნენ.
ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ეს პროკურორები არიან:
- სერ ჯეფრი ნაისი. 1998 იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, მილოშევიჩის საქმეს. ნაისი არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამების და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია.
- მოშე ლადორი, რომელიც იყო ისრაელის პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნამდე ზედამხედველობდა ისრაელში მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, მათ შორის, სისხლის სამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ეჰუდ ოლმერტის მიმართ.
- პოლ კაფი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის გნაყოფილების დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში და აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში. ასევე, ზედამხედველობდა კოსოვოში გაეროს მიერ წარმოებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულთა გამოძიებას.
ირაკლი შოთაძის თქმით, ეს ჯგუფი მსოფლიო სამართლებრივ წრეებში “განსაკუთრებული ავტორიტეტით” გამოირჩევა. ზაზა სარალიძეს მიეცემა შესაძლებლობა, იმუშაოს ამ უცხოელ პროკურორებთან და გაუზიაროს თავისი მოსაზრებები და წინადადებები.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის დეკემბერში მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.
სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.