ახალი ამბები

სუბარი: მერაბიშვილი საკნიდან არ გაუყვანიათ

18 დეკემბერი, 2013 •
სუბარი: მერაბიშვილი საკნიდან არ გაუყვანიათ

 

ამის შესახებ სოზარ სუბარმა სასტუმრო “რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვანო მერაბიშვილი გაყვანილი არ ყოფილა, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, შაბათს, კვირას, თუ არ ვცდები, ორშაბათსაც, მასთან შესული იყო ადვოკატი. ისინი ძალიან დიდხანს საუბრობდნენ და ეს რომ მართლა მომხდარიყო, იმავე დღესვე გააკეთებდნენ განცხადებას, იმავე დღეს მოითხოვდნენ გამოძიების დაწყებას და კადრებს. მათ ეს არ გაუკეთებიათ. უბრალოდ, როდესაც ვიღაც სხვა ადამიანები დაიჭირეს და ნახა, რომ ახალ ბრალს უყენებენ, მაშინ გადაწყვიტა, რომ ასეთი ტიპის აპელირება გაეკეთებინა. როცა ამბობს, რომ სავარაუდოდ დეპარტამენტის თავმჯდომარის ოთახში მიმიყვანესო, იქ რომ მართლა მიეყვანათ, სავარაუდოდო- არ იტყოდა, რადგან მან ძალიან კარგად იცის ეს ოთახი, ბოლო–ბოლო მე და ის ერთად ვიყავით 2006 წლის 27 მარტს, როდესაც ამ ოთახიდან გასცემდნენ ბრძანებებს ბაჩო ახალაია, ადეიშვილი, ბოკერია, ბუნტის ჩახშობაზე და 7 ადამიანი იქნა იმ დღეს მოკლული. ეს ოთახი მას არ დაავიწყდებოდა.

ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ თავზე რაღაც დააფარეს და მერე უცებ ღიად ელაპარაკება ერთი ადამიანი, რომელიც მან ამოიცნო და რომელიც თურმე მას “აკაჩავებდა”, ხოლო მეორემ, რომელიც ვერ იცნო, თვითონ წარუდგინა თავი[ მე ვარ ის, ვინც შენ ვერ იცანი, მაგრამ მეც ვაპირებ შენს “დაკაჩავებასო”. არასერიოზულია ასეთი განცხადებები”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ჟურნალისტების შეკითხვას, რა უდგას წინ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების გამოქვეყნებას, რომელზეც მერაბიშვილი საუბრობს, სუბარი პასუხობს:

“არც არაფერი, ვერ იქნება ამოღებული იმიტომ, რომ არასერიოზულ თემაზე გამოძიება არ იწყება, მაგრამ თუკი გამოძიება დაიწყება, გამოძიება მას ამოიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე ხელის ხლების უფლება არავის არ აქვს, მათ შორის არც მე. ეს არის ჩვეულებრივი საიდუმლო მასალები, რომელიც იწერება კანონით დაცული წესით, არც სმაინისტროს და არც დეპარტამენტს ამ კადრებთან პირდაპირი შეხება არ აქვს, არც ამოღების უფლება არ გვაქვს, თუ ამაზე გამოძიება არ დაიწყო. ასე რომ, ეს ჯერჯერობით ამოღებული არ არის”, – აღნიშნა სუბარმა.

კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა ამ საქმეზე გამოძიება, სუბარი აცხადებს:

 

“მე სახელმწიფო მოხელე ვარ და როდესაც პროკურატურა ამბობს, რომ ვერ ხედავს საფუძველს, პროკურატურამ უკეთ იცის. სიმართლე გითხრათ, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მე მართლა ვერ ვხედავ გამოძიების საფუძველს. აქ რომ რამე ყოფილიყო, იმავე დღეს გააკეთებდნენ განცხადებას. მე შეგახსენებთ ფაქტებს, ასეთი რამ მართლა ხდებოდა, მაგალითად, პოლკოვნიკი თეთრაძის საქმე. ახლა სხვა დროა და მსგავს რამეს არავინ გააკეთებს. არავინ აპირებს მერაბიშვილზე ზეწოლას, წამებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ხოლო ის, რომ თითქოს მას დაემუქრნენ, რომ პირობები გაუუარესდებოდა, არის სასაცილო. დღე არ გავა, რომ ხან ევროკავშირის წარმომადგენლები არ მივიდნენ მასთან და ხან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ვერანაირი პირობები ვერ გაუუარესდება მას და არც გაუუარესდება”, –  განაცხადა სუბარმა

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რაზე დაყრდნობით ამბობს მინისტრი, რომ მერაბიშვილი იტყუება, თუკი მას ეს კადრები არ უნახავს, ჩატარდა თუ არა სამინისტროში შიდა მოკვლევა და ესაუბრა თუ არა იგი სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლებს, მინისტრი აცხადებს, რომ მას ამ საკითხზე შეხვედრა ჰქონდა სასჯელაღსრულერბის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან:

 

“ასეთი რამეები არ ხდება და მსგავს რამეებს არ ვაკეთებთ. მოკვლევას ჩვენ ვერ ჩავატარებთ ამ საქმეზე, თუ ჩაითვლება, რომ რაღაც საფუძველი არსებობს, დაიწყება გამოძიება”, – განაცხადა სუბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი